"არ არსებობს არავინ, ვინც, შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ახდენდეს”, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა ქართულ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ქართველ კოლეგასთან.
"დაახლოებით ერთი წლის წინ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მაშინვე შევთანხმდით, რომ მე ჩამოვიდოდი საქართველოში. ჩემთვის ეს იყო სრულიად ცხადი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ჩემს სტუმრობას უძღოდა - ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო დავახლოვდეთ. მე საერთოდ არ მინდა დავუშვა, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაიმე გაუცხოების ნიშნები იყოს”, - ამბობს გროისმანი.
Forbes-ის კითხვაზე, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი გავლენას, გროისმანი პასუხობს, რომ „სააკაშვილის ფაქტორი საერთოდ არ არსებობს“.
"სააკაშვილის ფაქტორი საერთოდ არ არსებობს. პირადად ჩემი პოზიცია რომ გითხრათ, საერთოდ არ არსებობს არავინ, ვინც, შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ახდენდეს.
ერთი მხრივ, ეს გამორიცხულია და მეორე მხრივ, წელიწად-ნახევარია, რაც პრემიერ-მინისტრი ვარ და როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი, მხოლოდ ნახევარი წელი იყო გასული, რაც ამ თანამდებობაზე ვიყავი და ჩვენ მაშინვე ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა”, - ამბობს უკრაინის პრემიერი.