გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის პრეზენტაციას ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მარკ მიტჩელთან ერთად დაესწრო. პროგრამის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMRT) ფარგლებში, თბილისის მოსახლეობისთვის „გუდვილის“ ცენტრალურ შესასვლელში განთავსდა ქაღალდის, ალუმინის ქილების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკის დახარისხებული კუთხე.
"შეგროვებული ნარჩენი დასაწყობდება ჰიპერმარკეტში, რის შემდეგაც შპს „სუფთა სამყარო“ უზრუნველყოფს მის გადამუშავებას. პროგრამა- საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში - კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნარჩენების გადამუშავების კუთხით კერძო სექტორის გაძლიერება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და საზოგადოებამ დაიწყოს ნარჩენების დახარისხება.
ინიციატივა მნიშვნელოვანია ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების ჩართვისთვის, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებების განსახორციელებლად. პროექტს international Citi/Contry Management Associacion (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN -თან თანამშრომლობით ახორციელებს. ღონისძიებას USAID- ის, აშშ -ს საელჩოს, CENN -ისა და WMRT -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.