Home
Category
TV Live Menu

გუგული მაღრაძე ექს-დეპუტატების დასაქმებაზე: "იმ ადამიანებს მართლა ულუკმაპუროდ ხომ ვერ დატოვებ, არა?"

58bfef25480e7
თელარა გელანტია
08.03.17 15:46
1143
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძის აზრით, ყოფილი დეპუტატების სამინისტროებსა და სახელმწიფო კომპანიებში დასაქმება მათ მიმართ მადლიერების გამოხატვაა.

"ოცნების" დეპუტატი ყოფილი კოლეგების სახელმწიფო უწყებებში დასაქმების ფაქტებს "სრულიად ბუნებრივს" უწოდებს.

"ჯერ ერთი, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გამოცდილება მიიღეს, ცოდნა აქვთ. არაპროფესიონალი ძირითადად არცერთი არ არის. თანაც აქ არის გარკვეული მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კეთილსინდისიერად იმუშავეს და იმ ადამიანებს ახლა მართლა ულუკმაპუროდ ხომ ვერ დატოვებ არა?", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" გუგული მაღრაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული ყოფილი დეპუტატები ძალიან აქტიურები არიან.

"არავის არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ისინი ვერ ასრულებენ ფუნქციებს. ის ადამიანები, რომლებიც დასაქმდნენ, ყველა ძალიან აქტიურები იყვნენ - ნიშნიანიძე, ლორთქიფანიძეც, გამოცდილებაც ჰქონდათ მართვის.. ასე რომ აქ არაფერი არ არის მიუღებელი და თუ ისინი კარგად ვერ იმუშავებენ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რატომ დაასაქმეს", - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, მერვე მოწვევის "ოცნების“ პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე კონსულტანტად დასაქმდა "მყარი ნარჩენების მართვის" კომპანიაში. კონსულტანტის პოზიციაზეა ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც, ოღონდ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. სოსო ჯაჭვლიანს კი „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეუქმნეს და მისი ფუნქცია მულახის თემთან მოლაპარაკებებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day