კომპანია "ელსელემა" მარტში, ლანჩხუთში, ახალ სამკერვალო ფაბრიკას გახსნის,- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან მამასახლისმა განუცხადა. მისი გაანმარტებით, ამჟამად ფაბრიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, რაშიც კომპანიამ 650 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ფაბრიკაში პირველ ეტაპზე 150 ადამიანი დასაქმდება.
"ლანჩხუთში ფაბრიკის გახსნა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქ მუშახელის პოვნა უფრო იოლია, ამჟამად სამოცდაათი ქალბატონის გადამზადება მიმდინარეობს, რომლებიც საწარმოში დაუყოვნებლივ დასაქმდებიან. სამომავლოდ ფაბრიკის გახსნას სხვა რეგიონშიც ვგეგმავთ”, - განუცხადა Bm.ge-ს ლევან მამასახლისმა.
შპს "ელსელემა“ უკვე ფლობს სამკერვალო ფაბრიკას თბილისში (გურამიშვილის გამზირზე), რომელსაც 2002 წლიდან ამუშავებს. ფაბრიკაში ქალისა და მამაკაცის სამოსს და სპეც ტანსაცმელს კერავენ, მათ შორის ბრონეჟილეტებსაც. ლევან მამასახლისის განმარტებით, თბილისის ფაბრიკაში ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული, უახლოეს მომავალში კი კიდევ 100 დაემატება, რადაგან საწარმო გაფართოვდა.
"თბილისის ფაბრიკაში თვის ბოლოს გერმანელი ექსპერტების ჩამოსვლას ველით, რომლებიც საწარმოს შამოწმებენ, ამ შემოწმების დადებითად გავლის შემთხვევაში BSCI სერთიფიკატი მოგვენიჭება, რაც ევროკავშირის ბაზარზე გზას გაგვიხსნის. იმ ნორმების დასაკმაყოფილებლად, რაც აღნიშნული სერთიფიკატითაა გაწერილი, ექვსი თვეა ვმუშაობთ, ეს მოიცავს კომპანიაში უსაფრთხოების წესების დაცვას, ეფექტურობის გაზრდას, სამუშაო პროცესების უკეთ კოორდინაციას და სხვა. ჩვენ ვაპირებთ ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობას, რაზეც მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, ეს სერთიფიკატი კი მათთან ურთიერთობას გაგვიადვილებს”, - განაცხადა ლევან მამასახლისმა.
შპს "ელსელემას" მიერ წარმოებული პროდუქცია ამჟამად საქართველოს ბაზარზე იყიდება, კომპანია ისეთი ბრენდების დაკვეთებსაც ასრულებდა, როგორიც ,,კოტონი“ და "მონკლერია“.