"ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი", - განაცხადა კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, 15 კილომეტრიანი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის დასრულება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება, გარდა ამისა, მოხდება თბილისი-ბაკურციხის 87-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება, რომელიც 2018 წლისთვის დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება; ასევე - წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება.
2018 წლიდან დაგეგმილია ბაკურციხე-წნორის 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ამას გარდა, 36-კილომეტრიანი გზა გურჯაანი-თელავის შემოვლითი მონაკვეთის, რომელიც 121 მილიონი დოლარი დაჯდება.
"მთლიანობაში ამ გზების ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კახეთს ექნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტების გზები და ამას დაემატება ასევე სრულიად ახალი გზა, რომლის დაგეგმარებაც დაწყებულია - ეს გახლავთ თელავისა და თუშეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი, რომელიც გაცილებით გააიოლებს თუშეთთან კავშირს.
ჩვენ შარშან უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, როდესაც საზაფხულო გზა დაიკეტა, ყოველკვირეულად დავნიშნეთ ვერტმფრენის რეისი თუშეთის მიმართულებით, რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გააიოლა იქ მყოფი ადამიანების ყოფა და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალ ზამთარშიც.
გარდა ამისა, 2018 წლიდან დაიწყება და 2020 წლისთვის დამთავრდება თელავის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ეხება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების რეაბილიტაციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველა რაიონში დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
ჩემო მეგობრებო, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ კახეთს და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის კუთხით. თითოეული ჩამოსული ახალი ტურისტი ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტზე და დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე - ოჯახური სასტუმროების მიმართულებით.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერმა.