Home
Category
TV Live Menu

"ღვინის ექსპორტი კარგია, მაგრამ წლებია პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია, დარგს ხელი უნდა შეუწყონ"

57add768a37a6
BM.GE
12.08.16 17:57
1106
მძიმე მრეწველობის დარგში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან ხვედელიძე საუბრობს.

- ბატონო სულხან, რამდენად აისახა მოსამართლეთა არაკომპეტენტურობა და გაწელილი ვადები სასამართლოებში თქვენი დარგის განვითარებაზე?

- რა თქმა უნდა, გაწელილი საგადასახადო შემოწმება და გაწელილი სასამართლო დავები ნეგატიურად აისახება დარგზე.“ჯორჯიან მანგანეზს“ 200 მილიონი დაეკისრა, რაც  არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მოსამართლე არ იცნობდა საქმეს ღრმად და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიღო. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გავაკეთეთ, ამ თვის ბოლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს. იმედი დავიტოვეთ, რომ სასამართლო კომპეტენტური იქნება, კოლეგია განიხილავს აღნიშნულ საქმეს და ვიმედოვნებთ, რომ ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- “ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით კონსულტაციები მთავრობასთან აღარ იმართება?

- რამდენჯერმე ეს საკითხი დაისვა. დღეს წმინდა სამართლებრივ რეჟიმში ვართ, გადაწყვეტილებას ველოდებით. რაზეც დღეს “ჯორჯიან მანგანეზს“ ედავებიან, ხვალ სხვა კომპანიას დაუწყებენ ამავე საკითზე დავას. აქედან გამომდინარე, ეს დარგზე ნეგატიურად აისახება. როგორც კი დავა გაიწელა, ყველა კომპანიას ბანკებთან პრობლემები შეექმნათ. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესს უკან წევს. როგორც კი კომპანიებს სესხის აღების პრობლემა გაუჩნდათ, შემაფერხებელი გარემოებები გაჩნდა, ნაცვლად ბიზნესის ხელშეწყობისა.

ჩვენ პროექტი გვაქვს გარემოსთან მიმართებაში, რადგანაც კომპანიები არ უნდა იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ გარემოს დაცვის ინსპექციამ ძალიან დიდი თანხები დაარიცხონ, ჩვენი პროექტის მიხედვით, დარიცხული თანხა უნდა მოიხმარონ კომპანიებმა და მათ 1-2 ან 6 თვიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა აღნიშნული თანხა ამ პრობლემების გამოსასწორებლად დახარჯონ და პირდაპირ ბიუჯეტში არ წავიდეს. ახლა ასე გამოდის, რომ კომპანიებს არიცხავენ, ეს თანხა ბიუჯეტში მიდის და პრობლემა გარემოს კუთხით მაინც პრობლემად რჩება. კონკრეტული კანონპროექტის შემუშავება უნდა მოხდეს, რომელიც დარგთან და სპეციალისტებთან შეთანხმებული და გაწერილი იქნება. დღეს რითიც ხელმძღვანელობს გარემოს დაცვა, ეს ნორმატივები მიღებულია 1972 წელს, 1978 წელს, 90-იან წლებში და ძალიან მოძველებულია.

მაგალითად, მე ვერ წარმომიდგენია კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის ზარალი თუ მიაყენა ბიუჯეტს სად იყო მაშინ გარემოს დაცვის ინსპექცია და რატომ მანამდე ეტაპობრივად არ ამოწმებდა. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია, მე მათ არგუმენტს ვერ მივიღებ.

- როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, თვლით თუ არა, რომ გარემოს დაცვის კუთხით “ჯორჯიან მანგანეზის“ ამხელა თანხით დაჯარიმება მძიმე ან პრეცედენტული შედეგები იყო თქვენი სხვა წევრებისთვისაც?

- ჯერ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, წინასწარ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე საქმეში ჩახედულია და წარდგენილ არგუმენტებსაც გაითვალისწინებს.

- ბატონო სულხან, თქვენ აქტიურად სვამდით საკითხს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთან, რომ დღევანდელი დადგენილი ენერგოტარიფი განსაკუთრებით მძიმე მრეწველობისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა, რაც არარენტაბელურს ხდის დარგს. არის თუ არა რაიმე პროგრესი ამ კუთხით?

- დღეს საქართველოში არსებული ენერგოტარიფი ევროპაში ყველაზე დიდია. ბევრჯერ აღმნიშნავს, რომ ჩვენს დარგში მთავარი დანახარჯი ელექტროენერგიაზე მოდის. თვითღირებულება გვეზრდება.

თუ ჩვენი ელექტროენერგიის საფასური მაღალი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ მსოფლიო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა კომპანიებს და აქ უკვე რეალიზაციის პრობლემები ჩნდება.

- 2015 წელს ფეროშენადნობთა ექსპორტმა 194 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს წინა წელთან შედარებით 30 %-ით შემცირებულია, რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

- სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2015 წლის სექტემბერში უკვე რამდენიმე საწარმო გაჩერდა. აქ გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, მსოფლიო კრიზისი დაემთხვა, მაგრამ გასული წლის ბოლო კვარტალში დაახლოებით 5 საწარმო გაჩერდა. 2016 წლის მიახლოებითი ექსპორტის მოცულობაც დავთვალე და წინა წელთან შედარებით კიდევ მცირდება. ტენდენცია ისევ შემცირებისკენაა.

- დგას თუ არა დარგის რომელიმე კომპანია გაჩერების საფრთხის ქვეშ?

- რა თქმა უნდა, დარგს თუ ხელოვნური პრობლემები შეექმნება, ბიზნესი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ საქმიანობა შეაჩეროს. დარგი ჯერ კიდევ ისედაც კრიზისშია. ღვინის ექსპორტი ძალიან კარგია, მაგრამ ფეროშენადნობები უკვე წლებია პირველ ადგილზე დგას. დარგს აუცილებლად ხელი უნდა შეუწყონ და გვჯერა, რომ მთავრობაც უფრო სიღრმისეულად ჩასწვდება აღნიშნულ საკითხს, დაინტერესდება და გვერდში დაგვიდგება. ჩვენი დარგი წინსვლაზეა ორიენტირებული. ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები ჯგუფების გამოყოფას შეგვპირდნენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთგან და არც მეორეგან ჯგუფების გამოყოფა არ მოხდა. კომუნიკაცია გვქონდა პრემიერის ეკონომიკურ საბჭოსთან, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day