საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით, ”ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016“ იმართება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა WinExpo Georgia 2016 სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ გამოფენას მასშტაბურს და პრესტიჟულს ხდის.
"სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს გამოფენა მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, ღვინის პროფესიონალებს, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის კულტურის რვაათასწლიანი, მრავალფეროვანი ისტორიით“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
გამოფენა დღეს გაიხსნა და 5 მაისს დასრულდება. მასში მონაწილეობას იღებს 95 კომპანია 5 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი). WinExpo Georgia 2016-ზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.
გამოფენის ფარგლებში მოწყობილია მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე. WinExpo Georgia 2016-ს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ტრადიციებით დამზადებულ ყველის ნაირსახეობებს გაეცნონ.