USAID-მა პროექტის ფარგლებში” მმართველობა განვითარებისთვის“ საგადასახადო სისტემის მიმართ არსებული ბიზნეს განწყობები გამოიკვლია. გამოკითხვაში მონაწილეობა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გამოკითხულთა დიდი ნაწილი საგადასახადო სტრუქტურების მუშაობას მეტწილად დადებითად აფასებს და პარალელურად საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს,- თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თაბუაშვილი საუბრობს.
- როგორ აფასებთ კვლევის შედეგებს და კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით?
- მსგავსი კვლევები ჩვენ წინა პერიოდშიც გვაქვს ჩატარებული. გვაინტერესებდა რა იყო პროგრესი და ზოგადად ისეთი სამსახურისთვის, როგორიც არის შემოსავლების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს, თუ რა მოსაზრება აქვს გადამხდელს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისების მიმართ, რის გაუმჯობესებას ითხოვს, რა სერვისებია უფრო პოპულარული და მოთხოვნადი, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ სამომავლოდ და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ იმ დაახლოებით 200-მდე მომსახურებიდან, რასაც შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს სთავაზობს, ეს იქნება ელექტრონული, სატელეფონო მომსახურება ე.წ. ქოლ-ცენტრი, ჩვენი სერვის ცენტრების მომსახურება თუ საბაჟო მიმართულებებით მომსახურება, უმრავლესობა მათი ძალიან კმაყოფილია.
- რა იყო ამ კვლევის მიზანი, რის დანახვა გსურდათ და ბიზნესები, რომელთა აზრიც დაფიქსირდა რა მეთოდოლოგიით შეირჩა?
- ამ კვლევის მთავარი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ შემოსავლების სამსახურს გადამხდელების აზრი გაეგო. შერჩევა აბსოლუტურად ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ჩვენ ზოგადად ბიზნესის, გადამხდელების დამოკიდებულება გვაინტერესებდა საგადასახადო სისტემის მიმართ. შესაბამისად, მკვლევარმა მეთოდი თვითონ შეარჩია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 1000-ზე მეტი კომპანია იქნა გამოკითხული. მათ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურთან ითანამშრომლეს, მონაცემთა შესაბამისი ბაზები მათგან მიიღეს და თვითონ დაამუშავეს. ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ჩვენ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი გვაინტერესებდა.
- ორი პრობლემა გამოიკვეთა. ერთი ეს არის ინსპექტირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სადაც კომპანიები ჩივიან და მეორეა საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები. თუ იზიარებთ ამ შენიშვნებს და ამ მიმართულებით რას აკეთებთ?
-ინსპექტირებას, ანუ საგადასახადო შემოწმებას რაც შეეხება, კვლევა ცალსახად ამბობს და ადასტურებს, რომ გამოკითხულ გადასახადის გადამხდელთა უმრავლესობას შენიშვნა და ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვს. დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საგადასახდო შემოწმების დროს მათი საქმიანობა არ შეფერხებულა, დიდი დროით არ გაწელილა, როგორც ამას ხშირად არაერთი დაინტერესებული მხარე აპელირებს და ზოგადად შემოსავლების სამსახურის მუშაობა, მათთან ურთიერთობა და დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურად აღიქმება. მე ამ დასკვნიდან ეს წავიკითხე. არ ვიცი სხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალება სად გამოჩნდა, სად ჩანდა, რომ ბიზნესი უკმაყოფილოა. ჩვენი კანონმდებლობით, საგადასახადო შემოწმებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი პერიოდი. თუ ეს სამთვიანი პერიოდი საკმარისი არ არის, იგი შესაძლოა მაქსიმუმ კიდევ ორი თვით გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ უმრავლესობა ქვეყნებში, მათ შორის მოწინავე, განვითარებულ ქვეყნებში შეზღუდვა საერთოდ არ არსებობს თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს საგადასახადო შემოწმება. იმიტომ, რომ ეს ექსკლუზიური, უპირობო უფლებაა სახელმწიფოსი, რომ მან გადასახადების ადმინისტრირება განახორციელოს.
-გონივრული ვადაც არ არის დადგენილი?
-შესაძლოა ეს გარკვეულწილად დისკომფორტს ქმნის გადამხდელისთვის, რადგან მაკონტროლებელი ორგანო ამ გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეს ამოწმებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საგადასახადო შემოწმებაზე უარი ვთქვათ. ჩვენ განსხვავებული მიდგომას ვავითარებთ. ჯერ ერთი, რომ რისკებზე დაფუძნებულ საგადასახადო შემოწმებებზე და აუდიტზე გადავედით და მეორეც, ჩვენ გვირჩევნია გადასახადის გადამხდელში ნებაყოფლობითი გადახდის კულტურა ჩამოვაყალიბოთ და თვითონ გადამხდელს მოვუწოდოთ და მან ნებაყოფლობით შეასრულოს ეს ვალდებულებები. ამით ჩვენი რესურსიც დაიზოგება და მისთვისაც უკეთესი იქნება ასეთ გარემოში საქმიანობა.
-რამდენად ხშირია და ყადაღა რა შემთხვევაში გამოიყენება?
-ეს იმდენად ხშირია, რამდენადაც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუ გადასახადის გადამხდელი დავალიანებას დაიგროვებს, მას ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება და ვერ ან არ განახორციელებს ამ თანხების ბიუჯეტში გადახდას, ავტომატურ რეჟიმში მის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გავრცელება ხდება. არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც გადასახადის გადამხდელმა შეიძლება გამოიყენოს. მას შეუძლია საგადასახადო ორგანოს მიმართოს, შეუძლია დავების განმხილველ საბჭოში ე.წ. დარიცხვა გაასაჩივროს, როგოც შემოსავლების სამსახურში ასევე ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში. ეს დავა გადაწყვიტოს და უკვე საბოლოოდ შეჯერებული აქტის შესაბამისად თანხა გადაიხადოს, თუ თანხას ვერ იხდის, ჩვენ გრაფიკი შეგვიძლია მას შევთავაზოთ გადასახადის გადახდების გაწილვადება, ასევე უზრუნველყოფაში თავდებობა, შეუძლია წარმოადგინოს, საბანკო გარანტია და ა.შ. საგადასახადო შეთანხმება არსებობს. ძალიან მოქნილები ვართ, ბევრი საშუალებაა კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ექნება და არანაირი ბერკეტი არ ექნება სახელმწიფოს მის მიმართ, რომ ნებაყოფლობით, თავისი სურვილით გადაიხადოს გადასახადები, ასეთი მიდგომა არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს. ყადაღა იძულებითი ღონისძიებაა რომ გადამხდელმა თანხების მობილიზება და მისი ვალდებულების გასტუმრება მოახდინოს.