"ჩვენ გვინდა რომ ჩვენი უნივერსიტეტები და მათი კონკრეტული ფაკულტეტები გახდნენ საერთაშორისო სტანდარტის მატარებელი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მინისტრის თქმით, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების ცალკეული ფაკულტეტები საერთაშორისო დიპლომის შესაბამისი სტანდარტის უნდა გახდეს.
"ვაპირებთ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით მოძრაობას, ანუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი უნივერსიტეტები და მათი კონკრეტული ფაკულტეტები გახდნენ საერთაშორისო სტანდარტის მატარებელი და მათი დიპლომი გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მაგალითად, ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგი ასეულობით პოზიციით გაუმჯობოსდა.
ამ პროცესს გავაგრძელებთ და მოვახერხებთ რომ უნივერსიტეტის ცალკეული ფაკულტეტები ან მთლიანად საუნივერსიტეტო ეკოსისტემა განვითარდეს და საქართველოში მოხდეს ხარისხიანი განათლების მიღება“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა სტუდენტებს პროფესიულ სასწავლებლების მიმართ დაინტერესებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით, პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცემათ, როგორც მინისტრმა აღნიშნა ამ კუთხით სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს. „თუ სტუდენტი გადაწყვეტს, მას პროფესიულის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღება შეეძლება“, - განაცხადა ჯეჯელავამ.