ემისიების შემცირებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ძირითადი საავტომობილო გზები ბინძური ჰაერის შემწოვი ე.წ გვირაბებით დაიფაროს. ბრიტანეთის საავტომობილო გზების სააგენტოს ოფიციალური პირები სწავლობენ ჰოლანდიურ სქემას, რომელიც გზის ყველაზე მეტად დაბინძურებული ნაწილებში სპეციალური ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს, რათა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ავტომობილის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი არ ისუნთქონ. ე.წ გვირაბის მშენებლობის გეგმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილია.
ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალი 5 წელიწადში გზების მიმდებარედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მილიონობით ბრიტანული ფუნტის ინვესტიცია განხორციელდება. ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის რაოდენობა 55%-ით გაიზრდება. „საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გზების დატვირთვის ზრდამ უარყოფითად არ იმოქმედოს ჰაერის ხარისხზე, არის დაბალ ემისიური ავტომობილების გამოყენება. ამავდროულად, ჩვენ 100 მლნ ფუნტის ინვესტიციას განახორციელებთ, რათა გამოვცადოთ ახალი, სუფთა საწვავისა და გზის ბარიერების იდეა, რომელიც საზიანო გამონაბოლქვს შეიწოვს“, - აღნიშნა სააგენტოს წარმომადგენელმა. სააგენტოს განცხადებით, მათ უკვე სცადეს ბარიერის ორი მეთოდი. პირველი წარმოადგენს ხის პანელებს 4 და 6 მეტრის სიმაღლით, რომლებიც მანჩესტერის მახლობლად გზის მონაკვეთებზე დამონტაჟდა. მეორე მეთოდი, რომელიც ჯერ ისევ გამოცდის ეტაპზეა, მოიცავს 3 მეტრის სიმაღლის გალავანს. იგი დაფარულია მინერალური პოლიმერული მასალით, რომელსაც აზოტის დიოქსიდის შთანთქმა შეუძლია. „ამ ცდის შედეგები გვაჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება აღნიშნული მეთოდი და გავაგრძელებთ, თუ არა მის გამოყენებას გზის სხვა მონაკვეთებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
ენერგოდაიჯესტი