Home
Category
TV Live Menu

"ჰუალინგის" ავიაკომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ლიცენზირების შესახებ განაცხადი უკან გაიწვია

590043483f7f8
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.17 11:20
835
ჩინური კომპანია "ჰუალინგის" ავიაკომპანია My Way Airlines-მა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ლიცენზირების შესახებ განაცხადი უკან გაიწვია. ამის შესახებ "საქმის კურსს" საქოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, კომპანია My Way Airlines-მა შეცვალა თავდაპირველად შერჩეული საჰაერო ხომალდების შესყიდვის გადაწყვეტილება. შესაბამისად საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების ფარგლებში მას შესაცვლელი ჰქონდა დოკუმენტაცია საჰაერო ხომალდების მახასიათებლებისა და მათი მფლობელობის ნაწილში.

"აქედან გამომდინარე, კომპანიამ თავისი ინიციატივით, უკან გაიხმო განაცხადი და სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეცვლა/მომზადების შემდგომ თავიდან შემოიტანს განაცხადს",- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამა თუ იმ მიმართულებით ოპერირების ნებართვას ავიაკომპანია მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერთიფიკატის ფლობის შემთხვევაში იღებს.

"კომპანიის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თავდაპირველად My Way Airlines საჰაერო მიმოსვლას დსთ-ს, აღმ. ევროპის და ჩინეთის მიმართულებით გეგმავს, ხოლო საქმიანობის გაფართოვების შემდგომ ოპერირებას აზიისა და აშშ-ს მიმართულებით აპირებს",- წერია ინფორმაციაში.

ჩინურმა კომპანიამ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ახალ ავიაკომპანიას დაარსებდა, რომელიც ჩინეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებდა, მოგვიანებით კი შეასრულებდა ფრენებს აშშ-ის მიმართულებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day