"ბიზნესკონტრაქტთან" ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
-როგორია საკუთრების დაცულობა და მისი უფლება საქართველოში, როდესაც ვხედავთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მოტივით საკუთრების უფლების დაცვა ხორციელდება. რა გავლენა შეიძლება ამან ზოგადად საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე იქონიოს, როდესაც ვხედავთ, რომ სამართლიანობის აღდგენა წინასაარჩევნო, პოლიტიკური დაპირება იყო?
-მე ვფიქრობ, რომ სიტყვათა კომბინაციას "სამართლიანობის აღგენა" საქართველოში არანაირი შინაარსი არ აქვს და არც მახსოვს ამ სიტყვას რამე შინაარსი გააჩნდა თუ არა ოდესმე. სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ იგი იყო და მერე დაირღვა და ჩვენ ახლა ვაბრუნებთ მას. მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც დადასტურებულად იტყვის იმას, რომ "რუსთავი2" იმას ეკუთვნოდა, ვისაც სასამართლომ მიაკუთვნა. ისეთი ადამიანების პოვნაც რთულია, ვინც ამბობს, რომ ვისაც აქამდე ჰქონდა, იმას ეკუთვნოდა სამართლიანად და ამიტომ გახდა შესაძლებელი ის თავხედობა, რომელიც სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა. იმაშიც ჭვი მეპარება, რომ ვინმემ თქვას ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდაო. ეს არ მგონია სწორი მოტივი იყოს თუნდაც სასამართლოს მხრიდან "რუსთავი2"-ის საქმეზე.
-როდესაც დემოკრატიის დაცვაზე საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვაში გარკვევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავისუფალი სიტყვაა. როდესაც ჩვენ სამართლიანობის აღდგენაზე და იმ პოლიტიკურ მდგენელზე ვსაუბრობთ, რაზეც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც მასთან სწორედ ამ თემას განიხილავდა, ამ შემთხვევაში ეს მსჯელობა თანმიმდევრულია?
-ჩემი აზრით, პრეზიდენტის მსჯელობას თანამიმდევრობამდე ბევრი აკლია, მე მის კრიტიკას არ ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მაღალი არგუმენტები გვაქვს მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთრების თემას ვიხილავთ. სიტყვის თავისუფლების დაცულობის ნაწილში პრეტენზიები არსებობს ზოგადად არა ’’რუსთავი2“-თან არამედ ამ არგუმენტთან, რომ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში მორჩა. არგუმენტს გეტყვით მარტივად, პირველი ის, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა იმ შემთხვევაში თუ "რუსთავი2"-ს ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ იყიდიდა, ამაში იმდენ ფულს გადაიხდიდა, რომ მესაკუთრეები დათანხმდებოდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიდოდით და ამას გავაპროტესტებდით? ცხადია, არა. მე არ გავაპროტესტებდი, თუ ეს პირობითად ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა. მეორე ის არის, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არსებობს, მე ახლა იმ ტელევიზიაში ვარ, რომელიც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანია ქვეყანაში. თუნდაც ეს ორი არგუმენტი მე იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ ყველაზე ძლიერი არგუმენტი არ არის სიტყვის თავისუფლების დაცვა. საკუთრების უფლებას რაც შეეხება, აქ უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს და სწორედ ეს ნაწილია ის, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ უძლებს, ვერაფერს ვერ პასუხობს. სასამართლოს გადაწყვეტილება ამბობს, რომ "რუსთავის2"-ის საქმესთან დაკავშირებული გარიგება, რომლითაც წილი დღევანდელ მესაკუთრეებს გადაეცათ, ბათილია, რადგან ამ გარიგებაში დაფიქსირებულია უჩვეულოდ დაბალი ფასი. ამავდროულად, სასამართლო ამბობს, რომ მართალია, ძალადობა ხალვაშზე ვერ დადასტურდა, რომ ეს გარიგება იძულებით დაიდო, მაგრამ ვინაიდან გარიგების ფასი უჩვეულოდ დაბალია, გარიგება ბათილია. წარმოიდგინეთ საქართველოში ყოველდღიურად რამდენი გარიგება იდება არასაბაზრო ფასად, სიმბოლურ ფასად, ან იმის გამო იდება, რომ ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს პატივს სცემენ, ან იმის გამო, რომ საგადასახადო შემოსავლები ზუსტად არ აჩვენონ. ცხადია, ეს არ არის ბათილობის საფუძველი. შეიძლება საგადასახადო ჯარიმის საფუძველი იყოს, მაგრამ ბათილობის საფუძველი არ არის. ზოგადად ადამიანები ქონებას უფასოდაც, ანუ ჩუქებითაც გადასცემენ. თუ ამ გარიგებებში ძალადობის მომენტი არ არის, საღი აზრის დონეზე, შეიძლება ჩვენ ასეთი გარიგება ამორალურად ჩავთვალოთ? ამ პრინციპით ყველა ჩუქება ამორალურ იუნდა იყოს.
-შეგვიძლია ვთქვათ, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო რეესტრის უტყუარობას?
-მგონი, ეს საჯარო რეესტრთან კავშირში არ არის, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ სულ სხვა რაღაცას აყენებს. ეს არის გარიგებათა სტაბილურობა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად იმ შემთხვევას ვიღებთ, როდესაც სასამართლომ ამორალურად შეიძლება ჩათვალოს გარიგება იმ შემთხვევაში თუ მას ფასი არადამაჯერებლად მოეჩვენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი ძალადობის მომენტი არ დადასტურდება. მესაკუთრის უფლება, როდესაც ის თავის ქონებას ასხვისებს ნიშნავს იმას, რომ მას ამ ქონების გასხვისება ნებისმიერ ფასად შეუძლია, თუ კი ძალადობის მომენტს არ აქვს ადგილი. თუ ჩვენ სამართლებრივად ამ გადაწყვეტილების გამართვა გვინდოდა, აუცილებლად უნდა ხაზგასმული ყოფილიყო, რომ გარიგება იძულებით დაიდო. სასამართლო ამ მიმართულებით არ წავიდა, რადგან იძულებით დადებული გარიგებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და ამიტომ საფუძველი მოიფიქრა, რომელიც სამართალს არანაირად არ ებმის, თქვა რომ ფასი არ მოსწონს, რის გამოც გარიგებას ბათილად აცხადებს. მე მხოლოდ "რუსთავი2"-ის კუთხით არ ვღელავ ამ საქმეზე, მე, როგორც იურისტი, რომელსაც სასამართლოსთან შეხება მქონდა, ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის სტაბილურობის ბედი აინტერესებს, აღელვებული ვარ იმის გამო, რომ ეს საქმე ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს საქმე თავდაყირა აყენებს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის მაისის პრაქტიკასაც. 2016 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ ქეისი ქონდათ, სადაც აღნიშნეს, რომ გარიგება ბათილად ვერ გამოცხადდებოდა, თუ კომბინაცია არ ექნებოდათ ძალიან იაფი ფასის და იძულების მომენტის.
-რაც ამ შემთხვევაში ვერ დგინდება?
-რაც შეცვალეს. ეს განცხადება უფრო მაღალი ლეგიტიმაციით ცხრა ადამიანობის შემადგენლობით შეცვალეს, მაგრამ დასაფიქრებელია, რომ ამას თვალნათლივი შედეგები მოყვება. მაგალითად, თუ ადამიანმა ოდესღაც ქონება გაყიდა, ახლა ფასი არ მოსწონს და ეჩვენება, რომ მაშინ იაფად გაყიდა, იმიტომ, რომ მაგალითად ამ ადამიანის მეზობელმა ვთქვათ, ერთ თვეში ორჯერ ძვირად გაყიდა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს სრულიად არასწორი სტიმული უჩნდება, რომ მის მიერ ერთ დროს დადებული გარიგებები თავდაყირა დააყენოს. რაც ცხადია, რომ საგანგაშო სიგნალია ინვესტორებისთვის.