2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1701 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8256 მლნ. აშშ დოლარს (31 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5859 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6555 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1332 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2828 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 453 მლნ. აშშ დოლარი იყო (16 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2375 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 32, 29 და 32 პროცენტი).
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 33 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2126 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 6 პროცენტით ნაკლები).
აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1554 მლნ. აშშ დოლარი იყო (0.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი).
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 15 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 19 პროცენტი).