ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობამ ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული თანხის 96.2% აითვისა ანუ დახარჯა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა კი 6 მლრდ 285 მლნ 208 ათასი ლარი შეადგინა, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია. მათ შორის გადასახადების გეგმა, რომელიც შემოსავლების ძირითადი წყაროა გადაჭარბებით - თითქმის 102%-ით შესრულდა ანუ მთავრობამ შეძლო დაახლოებით, 6 მლრდ ლარის გადასახადების აკრეფა. უფრო დეტალურად, ძირითადი გადასახადებიდან ცხრა თვის გეგმა ვერ შესრულდა დღგ-ის ნაწილში სადაც დაგეგმილი თანხის 87.7-ის მობილიზება მოახერხა მთავრობამ. გეგმა ვერ შესრულდა იმპორტის გადასახადის ნაწილშიც - 94.3%. მათგან განსხვავებით, გეგმა გადაჭარბებით შესრულდა მოგების, საშემოსავლო, ასევე აქციზის და სხვა გადასახადების ნაწილში.
შემოსავლების წყაროა ასევე სხვა შემოსავლებიც, რომელიც მოიცავს როგორც ჯარიმა-საურავებს, შემოსავლებს საკუთრებიდან და ა.შ ამ მუხლით ბიუჯეტში მობილიზებული იქნა დაახლოებით, 203.5 მლნ ლარი რაც ცხრა თვის გეგმის 103%-ია. რაც შეეხება გრანტებს, ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, ცხრა თვეში გრანტების სახით ბიუჯეტში უნდა შესულიყო დაახლოებით 222 მლნ ლარის გრანტი, მაგრამ გეგმა მხოლოდ 62%-ით შესრულდა. მათ შორის ბევრად დაბალი მაჩვენებელია უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების ნაწილში - კერძოდ იანვარ-სექტემბრის გეგმა იყო 125 მლნ ლარი, მაგრამ მიღებულია მხოლოდ 8 მილიონ ლარამდე, რაც გეგმის დაახლოებით 6%-ია.
ასევე, ცხრა თვეში ბიუჯეტს უნდა მიეღო დაახლოებით 769 მლნ ლარი, მაგრამ ათვისებამ შეადგინა ამ თანხის დაახლოებით, 59.5%. თუმცა აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალიდან საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების ნაწილში ცხრა თვის გეგმა 92.7%-ით შესრულდა, მაგრამ რაც შეეხება ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, სადაც გეგმა იყო 275 მლნ ლარი და იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 1 ლარიც არ შესულა ბიუჯეტში.