Home
Category
TV Live Menu

იანვარში ბანკებში დეპოზიტების და საკრედიტო დაბანდების მოცულობა გაიზარდა

58b0341118458
BM.GE
24.02.17 17:24
954
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 17.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 167.8 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.6 პროცენტით შემცირდა).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 396.3 მლნ ლარით ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 228.6 მლნ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ 4.3 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.12 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.1 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 230.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 19.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 97.5 მლნ ლარით (1.5 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 133.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.7 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის იანვრის განმავლობაში 1.5 პროცენტით ანუ 142.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 9.5 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.65 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.60 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day