IDFI კონსტიტუციაში ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით განსაზღვრების დამატების ინიციატივით გამოდის .
IDFI-მ მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველი მათგანი ეხება კონსტიტუციაში „კარგი მმართველობის“ სახელმძღვანელო პრინციპის დამატებას.
"კარგ მმართველობას აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. ესაა მონაწილეობა, კონსენსუსზე ორიენტირება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება, ეფექტურობა და შედეგზე გათვლა, მიუკერძოებლობა და ინკლუზიურობა, კანონის უზენაესობა.
ბუნებრივია სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლები შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და სხვა კონსტიტუციური დებულებებით, თუმცა, დამატებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კონსტიტუციის მე-5 მუხლს დაემატოს „კარგი მმართველობა“ როგორც გადაწყვეტილების მიღების ფორმის გამსაზღვრელი სახელმძღვანელო პრინციპის", - განმარტავენ IDFI-ში.
ამასთან, IDFI-ში განმარტავენ, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული.
"გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ხოლო რეზოლუციის მე-10 პუნქტით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტერნეტ თავისუფლებისთვის გამოიყოს ცალკე მუხლი, რომელიც გააერთიანებს ინტერნეტი თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას", - განმარტავენ IDFI-ში.