Home
Category
TV Live Menu

IDFI "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებაში რისკებს ხედავს

58903d18e09a6
BM.GE
31.01.17 11:27
1321
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ –IDFI- სახელმწიფო შესყიდვებში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და კანონპროექტის დადებით და უარყოფით ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

ცვლილებებით, უქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და შესყიდვის უმოკლეს დროდ 7 დღე განისაზღვრება. ამასთან, იცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა - დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება „დაინტერესებული მხარის“ ცნება. ასევე, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. თუმცა, ორგანიზაცია გარკვეულ რისკებსაც ხედავს.

IDFI-ში მიიჩნევენ, რომ გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე.

„დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმებას, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ცალსახად დადებითი ცვლილებაა.

„ამ პროცედურის პრობლემა ისაა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მაღალი ღირებულების (200,000 ლარამდე) ტენდერებზე ისე, რომ პოტენციურ მიმწოდებელს ეძლევა მინიმალური დრო (3 სამუშაო დღე) სატენდერო განცხადების გასაცნობად და წინადადების წარსადგენად. ეს ვადა არაგონივრულად მოკლეა და ვერცერთ საერთაშორისო, მათ შორის, ვერც ევროკავშირის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day