საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერ რაოსთან“ და "ყაზტრანსგაზთან“ მიმდინარე საარბიტრაჟო დავებზე გააკეთა განმარტებები. მისი შეფასებით, არბიტრაჟი პარტნიორებს შორის ურთიერთობის ძალიან ცივილური ფორმაა.
"ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, როგორც „ინტერ რაოსთან“, ასევე „ყაზტრანსგაზთან“ იმ კუთხით, რომ მათი მოთხოვნები, ჩვენი აზრით, აღემატება იმას, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, თავის დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟებში, ისევე როგორც ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. ჩვენ დავიქირავებთ იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ამის გამოცდილება. მათ პირველ რიგში, დაეხმარება იუსტიციის სამინისიტრო, რომელსაც ამგავრი დავების წარმოების უდიდესი გამოცდილება გააჩნია. ენერგეტიკის სამინისტროსა და ასევე მთავრობის რესურსიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ არბიტრაჟში“, - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, არბიტრაჟის ვადების განსაზღვრა ძალიან ძნელია, თუმცა სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ „ყაზტრანსგაზთან“ მოლაპარაკების მიღწევა შესაძლებელი იქნება.
"ეს პროცესი, ალბათ, არ გართულდება. ჩვენ ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ „ინტერ რაოსთანაც“ შევძლებთ მოლაპარაკებას, მაგრამ თუკი „ინტერ რასოთან“ სარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები. ჩვენ მათ ნაწილ მოთხოვნებში ვეთნხმებით, ნაწილში - არ ვეთანხმებით. იმ ნაწილში, რომელშიც არ ვეთანხმებით, ძალიან ძლიერი პოზიციები გვაქვს. ხოლო იმაში, რაშიც ვეთანხმებით, ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მოველაპარაკოთ მათ", - განაცხადა ელოშვილმა, თუმცა საარბიტრაჟო დავის დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.