საქართველოს სივრცითი მოწყობის და მშენებლობის ახალი კოდექსი უკვე პარლამენტშია. რა შეიცვლება ბიზნესისთვის, რა ვალდებულებების აღება მოუწევს კერძო სექტორს და რა ვადებში, - კოდექსის ახალ ვარიანტზე ექსკლუზიურად "ბიზნესკონტრაქტთან" სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი, პარლამენტარი ილია წულაია საუბრობს.
- ბატონო ილია ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის რა იცვლება ახალი სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ?
- უპირველეს ყოვლისა, მთავარი ამოცანა და მთავარი ბაზა, რაც კოდექს უნდა გაყვეს არის ევროპისა და დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ყველა იმ საკანონმდებლო აქტის თუ რეგულაციის უნიფიკაცია უნდა მოხდეს, რაც სამშენებლო სფეროშია და ერთიანი დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რომელიც ყველა საკითხს, რაც მშენებლობას ეხება ერთად მოაქცევს. მთავარი მიმართულება თანამედროვე სტანდარტების შემოღებაა, რაც თბოიზოლაციას, მშენებლობის ხარისხს, სადარბაზოების ზომებს, ლიფტების რაოდენობას და სხვა ბევრ დეტალს ეხება. დღევანდელი ვითარებით მშენებლების კეთილსინდისიერებაზეა ხარისხი დამოკიდებული - კეთილსინდისიერი მშენებლები კარგი ხარისხის სახლებს აშენებენ, მაგრამ არიან ისეთი მშენებლებიც, რომლებიც სწორედ ხარისხის კომპრომისის ხარჯზე ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას.
- კანონპროექტს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ახლავს თან, სადაც წერია, რომ თუ მშენებლებს სამშენებლო მასალები გაუძვირდებათ, მაშინ მშენებლობაც გაუძვირდებათ, - შესაძლოა რომ ამან კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვიოს და სექტორი ნაკლებად კონკურენტული გახდეს?
- აღნიშნულ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ამ შემთხვევაში კომპანიები, რომლებიც მომხმარებლის ხარჯზე ხარისხის დაწევის ხარჯზე ხდებიან კონკურენტუნარიანები, ამას ვეღარ გააკეთებენ. ბევრი კეთილსინდისიერი კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული და მათ არაფერი ექნებათ სამშენებლო ხარისხში შესაცვლელი. მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც ამას არ აკეთებენ და კონკურენციაში შედიან მხოლოდ იმის გამო, რომ 10%-15%-ით ნაკლებს ხარჯავენ მშენებლობის ხარისხზე და საბოლოო ჯამში ეს მომხმარებელს აზარალებს. ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ასეთ კომპანიებს, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებათ. მათ მოუწევთ, რომ კეთილსინდისიერი კომპანიების ხარისხზე გადავიდნენ და იმ სტანდარტებს დაემორჩილონ, რასაც სამშენებლო კოდექსი დააწესებს. კეთილსინდისიერ კომპანიებს ეს არაფერს გაუძვირებს, ხოლო არაკეთილსინდისიერებს, რა თქმა უნდა, გაუძვირებს. საბოლოო ჯამში ეს ცვლილება მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული.
- კანონპროექტს ახალი ვერსი არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირების და ასევე სამშენებლო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა აკრედიტაციის შემოღებას გულისხმობს. ამ მიმართულებით რა სიახლეები იქნება და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აკრედიტაცია ჰქონდეთ იმ არქიტექტორებს, რომლებიც პროექტზე მუშაობას იწყებენ?
- ეს მუშა პროცესშია, საბოლოო ვარიანტი ამ მიმართულებით ჯერ არ არის მიღებული. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ არქიტექტორებმა ან ინჟინრებმა სერტიფიცირება გაიარონ, ესეც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუ აუცილებელი გახდება, შესაბამისი სამსახური შეიქმნება და ეს ისეთ პროფესიონალებზე იქნება გაცემული, რომლებიც ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
- ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე უსაფრთხოების კონტროლი სავალდებულო გახდება. ამ მიმართულებით კომპანიებისთვის რა შეიცვლება?
- ზოგიერთი კომპანია საკუთარი ნებით ზედამხედველობას ახლაც ახორციელებს, რაც ძალიან კარგია. ზოგი კომპანია ამას არ აკეთებს და ამ შემთხვევაში ეს სავალდებულო იქნება. მშენებლობის მდგრადობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. ამ შემთხვევაში აღნიშნული კონტროლი არ ხორციელდება და ფაქტიურად მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ როგორ დაიცავს იმ კონსტრუქციული ნახაზებით მშენებლობას, რაც მას კონსტრუქტორისგან აქვს მიცემული. ამის შემოწმება არ ხდება და ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ მიწისძვრის ზონაში ვართ. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის კომპანიების კეთილსინდისიერებაზე დატოვება, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას მიწისძვრის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია.
ფოტო