სადაზღვევო კომპანიები მთავრობის 73-ე დადგენილების ამოქმედებით სოციალური ფონის გაუარესებას პროგნოზირებს. საყოველთაო ჯანდაცვის მარეგულირებელ დოკუმენტში ცვლილებების მიხედვით, 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. შედეგად, სადაზღვევო ინდუსტრია აცხადებს, რომ ბაზრიდან გაქრება ე.წ დაშენებული პროდუქტები და 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელთაც აქვთ კორპორატიული დაზღვევა, დარჩება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამარა. მათი თქმით, სადაზღვევოებს მოუწევთ პროდუქტების გაძვირება და გაზირდება ჯიბიდან გადახდებიც.
როგორც იმედი L-ის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ეს გამოიწვევს მომხმარებლების მდგომარეობის გაუარესებას, რადგან სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ კონტარქტების გადახედვა. გაძვირდება პაკეტები ან გაუარესდება პირობები.
"კორპორატიული სეგმენტი, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას სადაზღვევო კლიენტურის, დადგება გაუარესებული პირობების წინაშე. ეს იქნება ფასის გაზრდა, თუ სადაზღვევო პირობების შეცვლა, ეს ინდივუდუალური საკითხია. დადგენილების დღევანდელი ტექსტი მომხმარებელს უბიძგებს, რომ არ შეიძინოს კერძო დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიბიდან გადახდები გაიზრდება. ეს იმიტომ, რომ საყოველთაო პროგრამის წევრი დარჩეს. კერძო სადაზღვევო პოლისის ქონა დღევანდელი ტექსტით აღქმულია, როგორც ცუდი რამ, რის გამოც მომხმარებელი კარგავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის უფლებას", - აცხადებს გივი გიორგაძე.
მისი თქმით, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო დაზღვევით ნახევარი მილიონი ადამიანი სარგებლობს.