"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა აგზავნის დადებით სიგნალებს ინვესტორებისათვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის 285 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა.
პროგრამა დამტკიცებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიმდინარე წლის აპრილში და ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებული ქვოტის 100%-ის სესხებას.
სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა გაწეული სამუშაოები. სრულად არის შესრულებული პროგრამის, როგორც სტრუქტურული ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. რაოდენობრივი მაჩვენებლები შესრულებულია უმრავლეს შემთხვევაში გადაჭარბებით, ამავე დროს, რეკომენდაციები რომელიც გაწეული იქნა საქართველოსთვის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. ასევე, მისიამ განიხილა პროგრამის შემდეგი რაოდენობრივი მაჩვენებლების შესრულება და აგრეთვე აღსანიშნავია დადებითი პროგრესი ამ მაჩვენებლების შესრულებასთან დაკავშირებით.
ეროვნული ბანკის და მთავრობის რეფორმები ამ ეტაპზე მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ. ასევე გაზიარებულია ის გეგმები, რომლებიც ქვეყანას აქვს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.
ეროვნული ბანკის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რეფორმები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის, არასაბანკო სექტორის რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, რეფორმების ფარგლებში პარლამენტში წარდგენილია პაკეტი, რომლის განხილვაც უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, რომ ამ პაკეტით გათვალისწინებული
ცვლილებების მიღების შემდეგ ეროვნულ ბანკს უკეთ შეეძლება იმ გამოწვევებისადმი პასუხის გაცემა, რომელიც დღესდღეობით არსებობს.
მოგეხსენებათ აგრეთვე, რომ პროგრამა ითვალისწინებს დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედებას, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროგნოზირებულის შესაბამისად, ინფლაცია ამ წლის ბოლოს შემცირდება, ხოლო 2018 წლისათვის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება.
მისიის მიერ დადებითად შეფასდა ის ადრეული შედეგები, რომელიც ლარიზაციის ღონისძიებების განხორციელების შემდეგ არის მიღწეული. მოგახსენებთ, რომ აგვისტოს მდგომარეობით, თუ შევადარებთ 2016 წლის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირებულია 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სესხების დოლარიზაცია სისტემაში შემცირებულია დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტით, რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციას იგი 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან ერთად ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს მოწყვლადობას.
ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც არის საუკეთესო საშუალება პოტენციური საგარეო შოკისგან თავდაცვის მიზნით. ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უფრო სრულყოფით განხორციელებისათვის, გადაცემის მექანიზმის გაუმჯოებესებისათვის და ის ტექნიკური დახმარება, რომელიც გაწეული იქნება ეროვნული ბანკისათვის დაგვეხმარება ამ მიმართულებით.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა ის მაღალი აქტიურობა, რომელსაც ეროვნული ბანკი იჩენს კომუნიკაციის გაძლიერების თვალსაზრისით.
კომუნიკაციის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის თარგეთირების პირობებში, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებმა სექტემბრის ბოლოს დაახლოებით 3 მილიარდს მიაღწია, რაც ბოლო პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა აგზავნის დადებით სიგნალებს ინვესტორებისათვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.