საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით საქართველოს საგადასახადო სისტემის ტექნიკური შეფასების ანგარიში, - ასე ეწოდება კვლევას, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩაატარა. ანგარიში 2016 წლის ივლისისთვის არსებულ მონაცემებს ეყრდნობა და 9 სხვადასხვა სფეროს 28 კონკრეტული მიმართულების სუსტ და ძლიერ მხარეებს გამოყოფს.
სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა ჯეროვანი წინსვლა განიცადა თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრირების დანერგვის კუთხუთ, თუმცა არის საკითხები და მიმართულებები სადაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა დანერგილი არაა. კერძოდ, 28 მიმართულებას სავალუტო ფონდი ოთხქულიანი სისტემით აფასებს, სადაც A უმაღლესი შეფასებაა, ხოლო D ყველაზე დაბალი. აქედან A ქულა, - ანუ საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი შეფასება 28-დან მხოლოდ 3 მიმართულებას ერგო, B ხუთ მიმართულებას, C 13 მიმართულებას, ხოლო D ქულა, ანუ არაადეკვატური ფუნქციონირება, კი - 7 მიმართულებას. მსგავსი შეფასება მიიღო რეგისტრირებულ გადამხდელთა მონაცემთა ბაზამ. კერძოდ სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო რეესტრზე დამყარეული საგადამხდელო რეესტრი საგადასახადო ადმინისტრაციისათვის არ არის ადექვატური, რადგან იგი არ ახდენს გადამხდელის ძირითადი ვალდებულებების აღრიცხვას. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შემოსავლების სამსახური ვერ ახდენს საგადასახადო რეესტრის სრულ კონტროლს და არ იყენებს მას მართვის ინფორმაციისთვის.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე ამდენად, რეესტრი სანდო არაა. იმის გათვალისწინებით, რომ შეინიშნებოდა დიდი რაოდენობის უზუსტობები და დუბლირეული ინფორმაცია, ჩატარდა გადამხდელთა რეესტრის გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ რეესტრის წმენდა უწყვეტ რეჟიმში არ მიმდინარეობს.
საქართველოში არსებულ ყველა საწარმოს მოეთხოვება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია და ეს ინფორმაცია ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ინახება. როგორც წესი, იგი არ შეიცავს ეკონომიკურ დარგს. თითოეულ იურიდიულ ან უცხოელ ფიზიკურ პირს ენიჭება ცხრა ციფრისაგან შემდგარი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. საქართველოს მოქალაქეები დარეგისტრირებულნი არიან თავიანთი 11-ციფრიანი სახელმწიფო პირადობის ნომრით, რომელიც მათ დაბადებისთანავე ენიჭებათ სამოქალაქო რეესტრის მიერ. შესაბამისი ფიზიკური და იურიდიული პირები შეიძლება მოიძებნოს სისტემაში არსებული ბმულების მეშვეობით დირექტორის 11-ციფრისგან შემდგარი პირადობის ნომრით, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ამოწმებს დამფუძნებლების ძველ რეგისტრაციებს. საქართველოს შემოსავლების სამსახური სრულიად ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზას და არ ახდენს გადასახადის სახეობის ვალდებულებების აღრიცხვას, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარდა არცერთ სახეში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სისტემა არ აღრიცხავს მოგების, საშემოსავლო გადასახადების 23 დეკლარაციების წარდგენის ან გადასახადის გადახდის ვალდებულებებს, ან წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებას, ამდენად, დეკლარაციების წარდგენის გამკაცრებას დიდი სარგებლობა არ მოაქვს, ხოლო იმის გამო, რომ საწარმოები სხვადასხვა სექტორების სეგმენტებად არ იყოფიან, ზღუდავს მის სარგებლობას კანონთან შესაბამისობის რისკის მართვის ღონისძიებებში.
რადგან თავდაპირველი რეგისტრაციის პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკისრია, საქართველოს შემოსავლების სამსახური ვერ ახდენს საგადასახადო რეესტრის სრულ კონტროლს და არ იყენებს მას მართვის ინფორმაციისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში (როგორიცაა მისამართის შეცვლა ან ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტა) ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე (მომსახურება ფასიანია), ამდენად, რეესტრი სანდო არაა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.