ინდოეთის მთავრობამ ამერიკული კორპორაცია Google ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის $21 მილიონით დააჯარიმა. ინდოეთის კონკურენციის დაცვის კომისიის (CCI) განმარტებით, ჯარიმის დაწესება ონლაინ საძიებო სეგმენტში და სარეკლამო მომსახურების მოძიებაზე "დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისათვის“ მოხდა.
კომისია დასძენს, რომ ამერიკული კორპორაცია ასე მიზანმიმართულად იქცეოდა. მარეგულირებლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ქმედებით ინტერნეტ-გიგანტი ბაზარზე არსებულ სხვა კონკურენტ სერვისებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მომხმარებელიც შეცდომაში შეყავს, - წერს The Financial Times.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში ევროკომისიამ კომპანია Google-ს რეკორდული 2,42 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მაშინაც ანალოგიური იყო - ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა. ევროკომისიის მტკიცებით, Google-ის საძიებო სისტემა, მომხმარებლის მიერ პროდუქციის ძებნის დროს უპირატესობას თავისივე ნაწარმს ანიჭებდა. გასული წლის მარტში კი ჩიკაგოს ფედერალურმა სასამართლომ უმსხვილესი საძიებო სიტემა კონფიდენციალობის პოლიტიკის დარღვევაში ცნო დამნაშავედ. საქმე მომხმარებელთა პირადი ფოტოსურათების უკანონოდ გამოყენებას ეხებოდა. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ საძიებო სისტემა თითოეული უკანონოდ გამოყენებული ფოტოსურათისთვის ვალდებულია ჯარიმის სახით მომხმარებლებს $5 000–მდე გადაუხადოს.