Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინფრასტრუქტურის გაზიარება - რას შეცვლის ახალი კანონი საკომუნიკაციო ბაზარზე?

BM.GE
19.10.22 11:08
158
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტში „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტის განხილვები დაიწყო. ცვლილებები, რომლის მიღებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს მოამზადა. კანონპროექტის მიღების შემდეგ ტელეკომოპერატორებს საშუალება ექნებათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად უკვე არსებული იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რომელსაც სხვა სფეროში მოქმედი კომპანიები ფლობენ, თუმცა სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოიყენება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის, წყლის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების პასიური ინფრასტრუქტურა. 

წარმოდგენილი დოკუმენტის კანონად ქცევის შემდეგ ტელეკომოპერატორები ახლადაშენებულ მრავალბინიან და მრავალფუნქციური შენობების შიდა ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლებასაც მიიღებენ. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებში ჩართვის შემთხვევაში ტელეკომოპერატორებს თავად მოუწევთ დაფარონ ქსელის განვითარების ხარჯები, თუმცა აღნიშნული დაკავშირებულია მათ ბიზნეს საქმიანობასთან, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღება მათსავე დისკრეციას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს კერძო სექტორმა საკუთარი შენიშვნები ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუზიარა, დარგობრივ კომიტეტზე სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედი კომპანიები აღნიშნავდნენ, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში მათი შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ არის. ერთ-ერთი შენიშვნა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერდა, ეხება იმას, თუ რატომ არ ვრცელდება დაშვების უფლება სახელმწიფო ქონებაზე.

ბიზნესს თავად კანონპროექტის ინიციატორმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა. ეკა ყუბუსიძემ განმარტა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე ტელეკომოპერატორების დაშვებას აღნიშნული კანონპროექტი არა, თუმცა სხვა მიმდინარე პროგრამა ითვალისწინებს, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე შემთხვევებს, რა დროსაც ინფრასტრუქტურის ოპერატორს შეუძლია ტელეკომოპერატორს უარი უთხრას მათ ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე. საგამონაკლისო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა ტელეკომოპერატორებისთვის ასევე ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. კიდევ რა მიმართულებით საჭიროებს კანონპროექტის დახვეწას, რას შეცვლის კანონის ძალაში შეცვლა კერძო სექტორისთვის და მომხმარებლებისთვის?

სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day