ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება და მას მონიტორინგს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს. მალევე გზის და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები დაიწყება, რომელიც პორტამდე მისასვლელად უნდა აშენდეს, - აღნიშნული თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საუბრობს.
-ბატონო ზურაბ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის მონიტორინგში ჩაერთვება, ამჟამად რა მდგომარეობაა და წლის ბოლოსთვის რა ანგარიშს უნდა ველოდოთ?
-ანაკლიის პორტის მასტერპლანი რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ. ხელშეკრულებაში ვალდებულება ეტაპების მიხედვით არის გაწერილი, რაც სახელმწიფოს აქვს გაფორმებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ეს კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გაწერილი პროექტია,. სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია აღნიშნულ პროექტთან მიმართებაში და კონსორციუმს თავისი ვალდებულებები აქვს, რაც გაფორმებულ ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის გაწერილი. მასტერპლანი დამთავრდა, რითიც ძირითადი ვალდებულებების იურიდიული ნაწილი დასრულებულია, რაც აღნიშნული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახლოს არის იმასთან, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღოს და მშენებლობის დაწყება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროიდან იქ მობილიზაციის და ნაპირზე მიწის სამუშაოები დაიწყება, იმისათვის, რომ ძირითადი კედლისთვის და წყალგამყოფის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდეს. იურიდიული ნაწილი დასრულდა, საკმაოდ ბევრი იმუშავა და ამ მიმართულებით ლიდერი იყო ეკონომიკის სამინისტრო, პროექტის სიდიდიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული პროცესი იყო. პროცესის დასრულებისთანავე, მონიტორინგისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოგვეცა. ტექნიკური დავალება მომზადებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ტენდერს გამოვაცხადებთ გზის და რკინიგზის ხაზის დეტალურ პროექტირებაზე. გზებს ჩვენ ვაკეთებთ, რადგან ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, ასევე ჩვენი ვალდებულება იყო კერძო მიწების გამოსყიდვა და ეს პროცესი 99.5%-ით დასრულებულია. 4 თუ 5 მიწის მონაკვეთია დარჩენილი და უბრალოდ იურიდიული პროცესია გასავლელი, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 30 მილიონი იქნება პირველი ფაზა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტი ყველაზე ღრმაწყლოვანი იქნება შავი ზღვის აკვატორიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა ანაკლიის პორტი და ჩვენი ქვეყნის 80% ვერ ავითვისებთ იმ პოტენციალის, რაც ტრანზიტზე გვაქვს. ჩვენი მეზობელი ქვეყნები რეგიონში ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი თავის მხარეს ამ ინფრასტრუქტურას ავითარებენ. მათ რამდენიმე პორტის მშენებლობა კასპიის ზღვაზე თითქმის დაასრულეს. თურქმენეთის და ყაზახეთის მხარეს საერთოდ ორი პორტია, როგორც მშრალ ტვირთებზე, ასევე კონტეინერებზე. იქ ინფრასტრუქტურა დასრულდა და ეს პორტი თუ არ გვექნება ის ნაკადები ჩვენკენ აღარ გადმოერთვება და ირანის მეშვეობით წავა, ან სხვა გზას იპოვნის.
-კრიტიკა ისმის იმ მიმართულებით, რომ რასაც ეს პორტი აითვისებს, ტრანსპორტირების სისტემას კიდევ უფრო დააზარალებს და დალაგებულ ქსელს გააუარესებს..
-ამ ტვირთების გადაადგილება ძირითადად რკინიგზით მოხდება და პირიქით კი არ წაართმევს ტვირთს, არამედ გაზრდის. ამ მოსაზრებას და კრიტიკას ვერ დავეთანხმები. ეს ჩინეთის ინიციატივაა და ’’ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში იცვლება. ახალი ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები ჩამოყალიბდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება შუა აზიის ქვეყნებში. ჩვენთანაც რკინიგზის მოდერნიზაცია მიმდინარეობს და ამ პორტის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება დიდი ნაკადების ტრანზიტი, აბრეშუმის გზა ამ ინიციატივიდან გამომდინარე ძალიან იქოქება და ამ ინიციატივის ფარგლებში უზარმაზარი ინიციატივები ხორციელდება. მათ ჩვენც შევუერთდით და ფორუმები ყოველწლიურად იმართება, მეორე ფორუმი ნოემბერში იქნება. ანაკლიის პორტის და ამ ინფრასტრუქტურის გარეშე ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ. ანაკლიის განვითარების პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია. თუ შეგვიძლია სამი სტრატეგიული პროექტის ჩამოთვლა, ამ სამში ერთ-ერთი ანაკლიის პროექტია.
-ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის გეგმაში საკმაოდ დიდი თანხები აქვს გაწერილი, ხარჯები იზრდება და მომავალი წლის პროექტებიდან ხარჯების კუთხით განსაკუთრებით რომელს გამოყოფდით?
-თავიდან სავალუტო ფონდიც სკეპტიკურად იყო განწყობილი მოცულობიდან გამომდინარე, რომ ვერ განვახორციელებდით ამდენ პროექტს, თუმცა ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ჩვენ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან პირადად მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4.3%-ზე მაღალი გვექნება. ჩემი აზრით, 5%-თან ვიქნებით ახლოს. ამ ციკლში, ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურას ვაშენებთ მომდევნო 20-40 წლისთვის, რომ ქვეყანას მზა ინფრასტრუქტურა ქონდეს განვითარებისთვის. ეს რეფორმის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც ძირითადად ჩვენ გვაბარია და 1000 კილომეტრამდე გზას ვაგებთ. 2019-2020-2021 წლებში იმაზე 70%-ით მეტი იქნება, რაც 2018 წელს არის გაწერილი. ამჟამად პროექტირებების ფაზაზე ვართ. ყველა ძირითადი ავტომაგისტრალის, გზების მიმართულებით სტრატეგიული ნაწილი რაც გვაქვს და წყალმომარაგების პროექტები დაიწყება. წყალმომარაგება საკმაოდ რთული დასაპროექტებელია დროის და მოცულობის ნაწილშიც. ყველა ოჯახში ქსელია გასაკეთებელი და ა.შ. ყველა პროექტი თავისებურად რთულია, მაგრამ ზოგი მეტ დროს მოითხოვს, ზოგი ნაკლებს. წელიწადზე ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, რომ გზების ნაწილში დეტალური პროექტირება დავასრულოთ ყველგან იანვარი-თებერვალი-მარტიდან სატენდერო პროცედურებს დავიწყებთ. დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის პროექტებს ვაცხადებთ აღნიშნულ პერიოდში. ძირითადი ნაწილი ზაფხულის განმავლობაში უნდა დავაკონტრაქტოთ. პირველ ექვს თვეში რა თანხის გადახდასაც ვაპირებთ, ეს ახალ პროექტებში ჩვენი ბიუჯეტის ზრდაა და დაახლოებით 530 მილიონი აშშ დოლარი გამოდის. აქტიურ ფაზაში შევა და 2019-2020-2021 წლები უკვე გახურებული მუშაობის ფაზაა და სავარაუდოდ 2.5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. 300 მილიონამდე გვექნება წინა წელთან შედარებით ზრდა. მიმდინარე წელს ალბათ 1 300 000-ით გადავაჭარბებთ და დაახლოებით 1 320 000 გვექნება შესრულება. ეს გადაჭარბებები ძირითადად საერთაშორისო პროექტების ხარჯზე ხდება. აქედან გამომდინარე 300 მილიონით ზრდა არ არის იმხელა ციფრი, რომ დავაბრალოთ იმას, რომ მაინც და მაინც იმისთვის გავაკეთეთ, რომ დავქცეულიყავით. ეს ასე ნამდვილად არ არის. ეკონომიკა ყველა მიმართულებით კარგად ვითარდება, რაც სავალუტო ფონდის ანგარიშშიც აღინიშნა.
-რიკოთის პროექტის ვადები უცვლელი რჩება?
-რიკოთი ისეთივე სტრატეგიული პროექტია, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი. რიკოთი უმსხვილესი პროექტია იმ კუთხით, რომ დროშია გაწერილი 2021 წლამდე უნდა დავასრულოთ. ათი წელი რომ ვაშენოთ დავასრულებთ არ იქნება პრობლემა. აღნიშნული პროექტი 2021 წლამდე უნდა დავასრულოთ. რიკოთზე დაახლოებით 90 ხიდი და 50 გვირაბია, ანუ სამუშაო და ეს ყველაფერი დასამენეჯმენტებელია. ახლა გვირაბს დევდორაკის ხეობაში ვაშენებთ, რომელიც დაახლოებით კილომეტრი და 700 მეტრი სიგრძის არის. ივნისში დავიწყეთ და იანვარში უკვე გავლილი იქნება. გეოლოგიიდან გამომდინარე ვერ შევიდნენ იქ, სადაც უნდა შესულიყვნენ და მისი გაგრძელება მოუწიათ.
-სამი სტრატეგიული პროექტი ახსენეთ, როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი ანაკლიის პროექტია, მეორედ რიკოთი დაასახელეთ და მესამე რა არის?
-ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ჩემი გადმოსახედიდან ’’ნენსკრა“ და ის დიდი ელექტროსადგურებია, რაც ასაშენებელია. თუმცა გზებშიც ბევრი მიმართულებაა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიული და დიდი პროექტები არის ’’ანაკლია“, ’’ნენსკრა“ და ’’რიკოთი“, თუმცა ასევე ძალიან სტრატეგიულია გუდაურს ქვემოთ რომ გვირაბი გაგვყავს, ხადას ხეობაში შევდივართ სადაც ულამაზესი გზა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ თუშეთის გზის პროექტირებაც მთავრდება. სამუშაოებს რაც შეეხება, დროში ვართ შეზღუდული სეზონიდან გამომდინარე და საპროექტო სამუშაოებია ცოტა დროში გაიწელა. პირობას ვდებთ, რომ თუშეთში უსაფრთხო გზას გავაკეთებთ, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ მოვუვლით.