Home
Category
TV Live Menu

ინოვაციების სააგენტომ სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში მონაწილე სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

589c15e50f304
BM.GE
09.02.17 11:09
923
ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს’’ პირველი ნაკადის, მაღალტექნოლოგიური მიმართულების, ფინალისტ და გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებსა და წარმატების შესახებ საუბარი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროექტის დახვეწის და პროგრამის მეორე ეტაპის უფრო წარმატებით განხორციელების გზებზე.

შეგახსენებთ, პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ ინიცირება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოხდა. პროექტი განახორციელა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა. მიღებული განაცხადები განაწილდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიხედვით და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 51 ფინალისტი, რომელთაგან 100 000 ლარიანი დაფინანსება 20-მა სტარტაპმა მოიპოვა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, აგრო კულტურა, ჯანდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული თამაშები, რეკლამა, ვირტუალური რეალობა. ჯამში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულების რაოდენობა 65 -ია.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამას ,,სტარტაპ საქართველო’’ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2017 წელსაც განახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day