Home
Category
TV Live Menu

INSPIRE-ზე საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მოხსენება წარადგინეს

59aeb4d9d40ef
BM.GE
05.09.17 18:27
783
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი გერმანიის ქალაქ კელში INSPIRE-ის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კონფერენციაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვასა და საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ მოხსენება წარადგინა.

კონფერენციის მონაწილეების განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
INSPIRE-ის ყოველწლიური კონფერენცია ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა როგორც ევროპის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის, ისე, ზოგადად, გეოსივრცითი ინფორმაციის სფეროში, რომელიც წელს გერმანიის ქ. კელში და საფრანგეთის ქ. სტრასბურგში იმართება. მასში გეოსივრცითი ინფორმაციის სფეროს წამყვანი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, გეოსივრცითი მონაცემების მსხვილი მწარმოებლები და სერვისების მიმწოდებლები მონაწილეობენ, მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას და დარგის სიახლეებს ეცნობიან.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის (JRC), ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), გერმანიისა და საფრანგეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზებით ტარდება.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოში ეროვნული სივრცითი ინფრასქტუქტურის განვითარების შესახებ, კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით, კონფერენციის შემაჯამებელ ანგარიშშიც დაიბეჭდება, სადაც საქართველოს მიღწევები საუკეთესო პრაქტიკის მქონე სხვა ქვეყნების მაგალითებთან ერთად იქნება განხილული.
კონფერენცია 8 სექტემბერს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day