Home
Category
TV Live Menu

"ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ავტორების აქტიურობა საგრძნობლად გაზრდილია"

58d7be46713e2
BM.GE
26.03.17 17:30
989
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ბეჭდური გამოცემის მეორე ნომერი გამოსცა სახელწოდებით "მეგზური". ეს ასოციაციის ახალი პროექტია, რომლის მიზანიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან აღნიშნული თემა საქართველოში პრობლემურია, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე საუბრობს.

-ბატონო გიგა, ახალ გამოცემაზე რას გვეტყვით?

-ასოციაცია უშვებდა და დღემდე უშვებს ჟურნალს COPYRIGHT და ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო კომპაქტური გამოცემაც გაგვეკეთებინა სახელწოდებით ’’მეგზური“, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის საავტორო უფლებების შესახებ და რაც მთავარია, ავტორს, ანუ უფლების მფლობელს, გააცნობიერებს იმაში თუ როგორ უნდა დაიცვას მან საკუთარი უფლება, რა გზები არსებობს ამისთვის, რა შემთხვევაში აქვს მას მოთხოვნის წაყენების, ჰონორარის მიღების და სხვა უფლებები გამომდინარე იქიდან, რაც დღეს ხდება. ამ ყველაფერს კი ორივე მხარეს არსებული ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. გამოცემაში მოცემულია ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, რაც სტატისტიკური ინფორმაციით გამოიხატება. ასევე გადმოცემულია ის აქტივობები, რომელსაც ჩვენი ასოციაცია ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებისთვის მიწოდებულია ინფორმაცია საავტორო უფლებების ენაზე, ახსნილია თუ რა მნიშვნელობა აქვს მას არა მხოლოდ მორალური კმაყოფილებისთვის, არამედ მატერიალური შემოსავლის კუთხით, რადგან საავტორო უფლება მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებაა ავტორისთვის.

-საუბრობენ, რომ კანონის რეგულაციებში გვაქვს პრობლემა და ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ინფორმირებაა. რომელი უფრო მნიშვნელოვანია პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში რომელი უნდა მოვაწესრიგოთ?

-საკანონმდებლო ბაზაში ჩვენ კანონთან ერთად სხვა საკანონმდებლო აქტებიც გვაქვს, რომელიც იმ კონსტიტუციასაც არეგულირებს, რაც საავტორო უფლებებს არეგულირებს. პრობლემაა ამ კანონის აღსრულება, რადგან კანონი ბოლომდე არ სრულდება ამ კანონის მიერ დადგენილი განაწესები. მექანიზმები არსებობს, თუმცა ამის აღსრულების მეთოდოლოგია დასახვეწია და რაც შეეხება ელექტრონულ, ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში კანონი საერთოდ არ გვაქვს და დღეს სწორედ იმაზე მომდინარეობს მუშაობა, რომ ცალკე კანონი შეიქმნას, რომელიც ინტერნეტში საავტორო უფლებების გამოყენებას დაარეგულირებს. ეს კანონი საავტორო უფლებების მოწესრიგებას დაეხმარება, თუმცა აქ ორი გზა არსებობს. ერთი - საკანონმდებლო მექანიზმები, რომელიც ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა აღასრულოს და დაიცვას კანონი და მეორე - თანაბარმნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმირებულობა. საბოლოო ჯამში, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, კანონის დარღვევა არცოდნით ხორციელდებოდა, ამას ინფორმაციის ნაკლებობა იწვევდა. კარგია, რომ მიდგომა შეიცვალა და დღეს უკვე თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საავტორო უფლებას იყენებენ, ასეთ ნებართვას თავიდანვე ითხოვენ და მასში ჰონორარს იხდიან, რაც უფლების მფლობელის მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება.

-ცალკე პასუხისმგებელი ობიექტია ავტორი, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს ქმნის, მათი მხრიდან რამდენად არის აქტიურობა, მათი ინფორმირებულობა რამდენად მაღალი და მაქსიმალურია?

-რადგან ავტორმა დაინახა, რომ საავტორო უფლება მისი მატერიალური შემოსავლის ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს, ამ კუთხით აქტიურობა საგრძნობლად გაზრდილია. როგორც დარღვევების შემთხვევაში ავტორი ინფორმირებას ახდენს, ასევე, ის შეძლებისდაგვარად აკონტროლებს და ყურადღებას აქცევს მისი პროდუქტის გამოყენებას - ეს იქნება მუსიკა, ლიტერატურა თუ სხვა და ბუნებრივია, რომ არის მოლოდინი - იგი აქედან ჰონორარს მიიღებს. აქტიურობა მთელი ქვაკუთხედია, მისი აქტიურობის გარეშე გამორიცხულია, რომელიმე სახელმწიფომ საავტორო უფლებების დარეგულირება შეძლოს. ეს ისტორიულად ასეა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს პრობლემა ყველაზე კარგად არის დარეგულირებული, მთავარი მოქმედი პირი მთელ ამ პროცესში ავტორია. ნებისმიერი ასეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ბევრი პრობლემისგან შედგებოდეს, ავტორის აქტიურობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ავტორის აქტიურობით იწყება და შემდეგ ჩვენი ტიპის ასოციაციებითა და სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებით, ასევე საინფორმაციო კამპანიებით ის წრე იკვრება, რომელსაც ავტორი ერთი მხრივ, ქმნის მეორე მხრივ, გამომყენებელი იყენებს და ეს ურთიერთობა კანონის ჩარჩოში ექცევა.

-რა ხდება სატელევიზიო პროდუქციის შემთხვევაში, რა უნდა ქნან პროდუსერებმა, რომლებიც კონკრეტული პროექტების ავტორები არიან, შეუძლიათ თუ არა მათ ცალკე აღებულ ფიზიკურ პირებად ასოციაციის წევრები გახდნენ და რა იქნება მათი დამატებითი უპირატესობები?

-ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. ამ შემთხვევაშიც ის ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საავტორო უფლებების პროდუქციას ქმნის, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატის იქნება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს და ასეთ დროს მათ აქვთ უფლება უკვე ნაწარმოებად ქცეული შემოქმედების დარეგისტრირება ასოციაციაში და მათ შეუძლიათ ყველა იმ სიკეთით ისარგებლონ, რასაც კანონი აძლევთ და ჩვენ ვთავაზობთ. ნებართვის გარეშე ასეთი პროდუქციის სხვების მიერ გამოყენება არ შეიძლება. გამოყენების შემთხვევაში კი გამომყენებელმა აუცილებლად ჰონორარი უნდა გადაიხადოს. ჩვენ მხოლოდ ჰონორარის ნაწილს ვეხებით და ამ მიმართულებით ვეხმარებით არა მხოლოდ კომპოზიტორს, მწერალს თუ ფოტოგრაფს, არამედ ნებისმიერი იმ ნაწარმოების ავტორს, რომლის ნაწარმოებიც დაცულია. ბევრი პრიზმა აქვს ამას და ჯერჯერობით სარგებელი არ არის ადეკვატური იმისა, რაც სინამდვილეში უნდა იყოს. ჩვენთან უკვე 1700-ზე მეტი ადგილობრივი ავტორია დარეგისტრირებული. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი იმის, რომ პროგრესია და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება აღნიშნული საკითხით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გლობალური პრობლემაა ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. მის გამოსწორებას ცალკეული უფლებების წარმომადგენლები და კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფს. ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული მთელი თავისი აღსრულების მექანიზმით. ასეთი დარღვევების დროს ზოგიერთ ქვეყანაში პირდაპირ აჯარიმებენ, ზოგან წვდომას ზღუდავენ, ბევრი სხვადასხვანაირი მექანიზმი არსებობს.



Subscribe to our news

Get the main news of the day