Home
Category
TV Live Menu

"ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ღია დაშვება ყველა პროვაიდერის ერთნაირი ტარიფით დაშვებას გულისხმობს"

57ce69e7657d3
სალომე მეცხვარიშვილი
06.09.16 10:55
1150
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ავთო კასრაძე ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კონკურენციის შეზღუდვას არ ელოდება. კითხვაზე, ხომ არ ჩადგებიან არათანაბარ პირობებში მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები დიდ პროვაიდერებთან შედარებით, რადგანაც ინფრასტრუქტურაზე წვდომა ძირითადად მათ ექნებათ, ავთო კასრაძე ამბობს, რომ კონკურენტულ გარემოს თავისუფალი დაშვების პრინციპი უზრუნველყოფს.

"ღია დაშვება ნიშნავს არამარტო იმას, რომ ყველა დაუშვა, არამედ ყველა უნდა დაუშვა ერთნაირი ტარიფებით. შესაბამისად, თუ ინტერნეტპროვაიდერი ვინმეს დაუშვებს ლარად იმ ქსელში, რომელიც სახელმწიფოს სუბსიდირებით გაკეთდება, ყველასთან იგივე ტარიფი ექნება. დღეს კანონმდებლობაში არ დევს ღია დაშვების ვალდებულება. ჩვენ კი ჩავდეთ ღია დაშვების ვალდებულება. ვისაც უნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მიიღოს და პროცენტი დაუსუბსიდირდეს, მას ვალდებულება ექნება, რომ ღია დაშვების ქსელი გააკეთოს",- აცხადებს ავთო კასრაძე.

რაც შეეხება ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობას, მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ინტერნეტპროვაიდერები წარმოადგენენ სიას, სადაც თავიანთი ინვესტიციებით მოაწყობენ ინფრასტრუქტურას. კასრაძის ინფორმაციით, ამ ეტაპის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, სადაც გამოვლინდება ის სოფლები, სადაც კომპანიები სახელმწიფო სუბსიდირებით მოაწყობენ ინფრასტრუქტურას.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ამისთვის 3 გზა არსებობს: 1 კერძო კომპანიების სურვილი, თავად მოაწყონ ინფრასტრუქტურა და შემდგომში ოპერირება გაუწიონ; 2. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კერძო კომპანიებისთვის ბანკებიდან მიღებული სესხის სრული სუბსიდირება 120 თვის განმავლობაში; 3 კერძო კომპანიების მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობის სურვილის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანია OPEN Net-ი ჩაატარებს ტენდერს და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს გააკეთებინებს ინფრასტრუქტურას.

პროექტს 100 მილიონ დოლარამდე ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day