iPlus-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო დატოვა. როგორც "აიფონ პლუსის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, 21 ნოემბერს, სასტუმრო "რედისონში" "აიფონ პლუსის" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის iTechnic-თან კავშირების უტყუარი დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები. ასევე, წარმოდგენილი იქნება დამატებით ფაქტები ვალერიან ცერცვაძის და მისი მეუღლის მცდელობებებზე "აიპლიუსის" მიზანმიმართულად გაკოტრებასთან დაკავშირებით.
"კომპანია iPlus 21 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე გაჟღერებული იქნება, სასამართლო სისტემის გავლენიანი მაღალჩინოსნის ვალერიან ცერცვაძის ინტერესები, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები iPlus-ის წინააღმდეგ, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ახალი დეტალები და სახელმწიფოს მიერ მიღებული, თუ მიუღებელი ზომები თავაშვებული ბოროტების აღსაკვეთად. პრესკონფერენციაზე "აიპლუსის" დამფუძნებელი ვიდეოზარით ბრიუსელიდან ჩაერთვება. მამუკა მარღიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველო დაეტოვებინა. " - ნათქვამია "აიფონ პლუსის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "აიფონ პლუსს" კონკურენტი კომპანიის, "აიტექნიკის" სარჩელის საფუძველზე 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. თავის მხრივ, iPlus-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც ოფიციალურად წილები ცოლის ძმის ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.