სვანეთში 2 ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
„საქართველოს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.
ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.
„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).
თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.