პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტში სოციალური სახელმწიფოს შესახებ არსებული ჩანაწერის შინაარსი განმარტა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, პოლიტიკური სპექტრის მიერ განხილვისას ამ მუხლს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
"ჩვენ ბრალიც კი დაგვდეს იმაში, რომ თითქოს ვაყალიბებთ სოციალისტურ სახელმწიფოს, რაც არანაირ კავშირში არ არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც იდეოლოგიურად აბსოლუტურად ნეიტრალური პრინციპია. ეს სოციალური სახელმწიფოს პრინციპი თანამედორვე სახით გერმანიაში განვითარდა და ამ პრინციპის განვთარების ინიციატორები სწორედ მემარჯვენე პოლიტიკოსები იყვნენ და არა - მემარცხენე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არანაირი კავშირი კონკრეტულ იდეოლოგიასთან სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. მე-5 თავში ვკითხულობთ:
„სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს;
სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით;
სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“.