"ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომელშიც ინვესტირება უსაფრთხო იქნება", - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ. მისი განცხადებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა ფაქტობრივად უზრუნველყოფილია. ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ წლის განმავლობაში ლარი სტაბილურია და ამ კუთხით პრობლემები ქვეყანას არ აქვს.
"ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილია და ის ციფრები გვაქვს, რაც წლის ბოლოს დავგეგმეთ. მშპ-ს ზრდა 4%-ზე მეტია და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ასევე შიდა ინვესტიციების ზრდაც ფიქსირდება და ვფიქრობ, ჩვენთან საინვესტიციო გარემო მიმზიდველია", - ამბობს კოვზანაძე.
ირაკლი კოვზანაძე „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციის 94-ე მუხლსაც აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციაში უნდა შენარჩუნდეს, რადგან ის ინვესტორებს „თავს დაცულად აგრძნობინებს“.
„აღნიშნულ საკითხზე ჩემი პოზიცია ყოველთვის ცალსახად გამოკვეთილი იყო. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის პროექტი წარმოადგინა და ჩვენს კომიტეტში თემის განხილვა მიმდინარეობდა, მე განვაცხადე, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში უნდა შენარჩუნდეს. აღნიშნული მუხლი რომ არ ყოფილიყო, მას შევიტანდით თუ არა კონსტიტუციაში დღეს, ეს უკვე სულ სხვა საკითხია, რადგან მასზე პარლამენტში და მის გარეთაც სხვადასხვა აზრი არსებობს. თუმცა, რადგან არის, მე მისი ამოღების წინააღმდეგი ვარ, რადგან მისი არსებობს შემთხვევაში ინვესტორები თავს დაცულად გრძნობენ. ის პოზიცია, რომ მუხლი მთლიანად ამოღებულიყო გაზიარებული არ იქნა“, - ამბობს კოვზანაძე.