თბილისის შემდეგ მეორე ტექნოპარკი ზუგდიდში გაიხსნება. ზუგდიდის ტექნოპარკში რეგიონის სპეციფიკა იქნება გათვალისწინებული, რის მიხედვითაც შეირჩევა დამატებით აპარატურა, რომელიც მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის და კადრებს მომავლის სპეციალობის მიმართულებით გადაამზადებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეგიონების სხვა ლოკაციების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
"ჩვენ უკვე გვაქვს სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიები ბათუმში და ქუთაისში, ასევე ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა გორში. ხარაგაულში არის ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილი მცირე საზოგადოებრივი ცენტრი და ეს ტენდენცია ახალი წერტილების შესაქმნელად გაგრძელდება.
რეგიონების საჭიროებების გასაგებად მოხდება ე.წ. Cluster Mapping მეთოდის გამოყენება, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს, მათ შორის ამერიკაც, - მოხდება შესწავლა იმ ინდუსტრიების, საწარმოების და ბუნებრივი რესურსების რომელიც რეგიონს გააჩნია და შემდეგ დამატებითი სპეციფიკის დამატება ხდება იმ უნივერსალური აპარატურისთვის, რომელსაც სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ჰქვია. მსგავს ლაბორატორიაში თითქმის ყველაფრის პროტოტიპირება შეიძლება და მისი უნიკალურობაც სწორედ ესაა“, - ამბობს ქაშიბაძე.