პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.
"განხილვა სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაიწყება. ჩვენ ერთი თვით გადავავადეთ განხილვის პროცესი, რომ კიდევ უფრო შეჯერებულიყო პოზიციები. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ შინაარსიანი დებატები იქნება და ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ ფორმით მივიღებთ კანონს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია გათვალისწინებული", - განუცხადა "საქმის კურსს" შიოლაშვილმა.
დეპუტატის აზრით, აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტში საჭირო არ არის, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება მკაცრად უნდა დარეგულირდეს.
"მე არ ვემხრობი ასე ღიად ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის პროცესს. ჩემი პოზიციაა, რომ გარკვეული პირობები უნდა იყოს, რომლის მიხედვითაც უცხოელებზე მიწის გასხვისება მოხდება. კერძოდ, ვფიქრობ, რომ როდესაც უცხოელი მიწას ყიდულობს, მან აუცილებლად გადამამუშავებელი საწარმოების ფორმატში უნდა აიღოს ვალდებულება - რომელიმე სოფელში მიწას თუ იყიდის, ამას გადამამუშავებელი საწარმოც უნდა მოყვეს და იმ სოფლის მოსახლეობის მიერ მოყვანილი პროდუქტის გადამუშავების პრობლემაც ავტომატურ რეჟიმში მოიხსნას", - მიიჩნევს ირაკლი შიოლაშვილი.