ირანიდან ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა, როკნოდინა ჯავადიმ გაავრცელა. "ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია "ტოტალმა" შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა", - განაცხადა ჯავადიმ. მისივე განცხადებით, რუსული კომპანია ირანულ ნავთობს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რუმინეთში გააგზავნის. იანვარში ფრანგულმა Total-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ირანული ნავთობის შეძენაზე, რომელიც დღე ღამეში 150-დან 200 ათასი ბარელი ნავთობის ყიდვას გულისხმობს.
ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ, ქვეყანამ განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ნედლი ნავთობის ექსპორტს დღეში სულ მცირე მილიონ ბარელამდე გაზრდის.