სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მარგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ნარმანიასთან ერთად სემეკის წევრობის კანდიდატად წარდგენილია გოჩა შონია.
"პრეზიდენტმა წარადგინა სემეკის წევრობის ორი კანდიდატურა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის სექტემბერის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სრული შემადგენლობით და ბუნებრივია, ეს არის ძალიან კარგი ფაქტი კომისიის საქმიანობისთვის. რაც შეეხება კანდიდატურებს, გოჩა შონია კომისიის ყოფილი წევრია და მასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. რაც შეეხება ბატონ დავით ნარმანიას, არ მქონია მე მასთან შეხება, საქმიანი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა", - განაცხადა მილორავამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მათ შორის, საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება.