საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ ცვლილებებს აანონსებს, რომელიც რიგით მომხმარებელს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. ისინი საკუთარ განახლებად ენერგიაზე მომუშავე გენერატორების დაყენების შემთხვევაში, წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებენ. თუ რა საზღაურზე არის საუბარი და კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სემეკისაგან, -აღნიშნულ თემაზე "ბიზნესკონტაქტთან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა საუბრობს.
- რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული ცვლილებების წამოწევა, ეს მხოლოდ ევრო დირექტივაა თუ სემეკის ინიციატივაც?
- ეს ნამდვილად ახალი და საინტერესო ინიციატივაა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან აღებული. აღნიშნული რეგულაცია, როგორც წესი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ფორმატში განიხილება. ასეთი რეგულაცია აქამდე არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვცადეთ, რომ უფრო მეტად დაგვეხვეწა, მისი ლეგიტიმურობა გაგვეზარდა. საკანონმდებლო დონეზე გავაკეთეთ ინიციატივა. კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ეს რეგულაცია უკვე სამი მაისიდან მიღებულია.
თუ მომხმარებელს თვის საცხოვრებელ ადგილას განახლებადი ენერგიის წყარო აქვს დამონტაჟებული მაგალითად, მზის პანელები, თვის განმავლობაში მას შეუძლია ქსელს მიაწოდოს ასი ერთეული, თუმცა მოხმარების და გენერაციის პროფილი, როგორც წესი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ როდესაც ის არ მოიხმარს მისი მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას იგი ქსელს აწვდის.
როდესაც გენერაცია ვერ ფარავს თავის მოხმარებას ელექტროენერგიას ქსელიდან იღებს. შესაბამისად, თვის ბოლოს ანგარიშსწორება ხდება სალდირებულ ელექტროენერგიაზე, ანუ სხვაობაზე. თუ თქვენ ქსელში ასი ერთეული მიაწოდეთ, მაგრამ იმავდროულად ქსელიდან 120 ერთეული მიიღეთ, მხოლოდ ოც ერთეულზე მოხდება ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. თუ მოხდა პირიქით, მაგალითად იმაზე მეტი მიაწოდეთ ქსელს, რაც მიიღეთ იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან, ამას ვეძახით ჩვენ ჭარბ ენერგიას, იგი მომდევნო თვეში გადადის კრედიტის სახით. ფულადი ანგარიშსწორება ამ ჭარბ ენერგიაზე მხოლოდ წლის ბოლოს არის გათვალისწინებული, წელიწადში ერთხელ მოხდება ფინანსური სალდირება. სალდირება, რა თქმა უნდა, ყოველთვიურად ხდება, მაგრამ აქ საუბარია ფულად ანგარიშსწორებაზე. ელექტროენერგიის ფასი სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული გენერაციის ტარიფის ტოლფასია.
- პროექტში ვკითხულობთ, რომ ლიცენზიანტი ვალდებულია მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს ზუსტად ის კრედიტი გადაუხადოს, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ. ეს ვალდებულება თუნდაც შიდა ნორმატიულ დონეზე ადრე ჰქონდათ ლიცენზიანტებს?
- ამ ურთიერთობას ერთი მუხლი არეგულირებდა. თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობა კანონთან არსებობდა. ერთი სუბიექტი გვყავს, რომელმაც კომისიას მიმართა საჩივრით, იმიტომ რომ "თელასი" დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ანგარიშსწორებას არ ახდენდა. “თელასს“ ჰქონდა დასაბუთებული არგუმენტი - ის თხოვდა გენერაციის ამ ობიექტს კვალიფიციურ საწარმოო რეგისტრაციას საბითუმო ბაზარზე, თუმცა, ეს მექანიზმი საბითუმო ბაზრის ფორმატი თავისთავად არ არის და კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად ზუსტად ეს გავმიჯნეთ, რომ ეს საცალო ბაზრის ფორმატია და არა საბითუმოსი. ამიტომ მომხმარებლებს გაცილებით გამარტივებული მექანიზმი შევთავაზეთ იმისთვის, რომ ქსელთან ინტეგრაცია მოახდინონ.
- ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე, სემეკი გადაწყვეტილებას იღებს, რომ კონკურენტული, ღია ბაზარის პრინციპისკენ წავიდეს და შესაბამისად ხდება ის, რომ ელექტროენერგიის რეალიზაციისთვის ბაზარზე სხვადასხვა მიმწოდებელი იქნება დაშვებული...
- სემეკი არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამიტომ ამ პროცესში ჩართული იქნება საკანონმდებლო ხელისუფლება და რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საქმიანობების დაყოფა იქნება. ენერგეტიკული ბაზრები რამდენიმე სეგმენტით ხასიათდება, რომელთაგანაც ნაწილი შინაარსობრივად ბუნებრივი მონოპოლიაა, მაგრამ ნაწილი კონკურენტული ბაზრებია. ჩვენს შემთხვევაში გენერაცია იქნება კონკურენტული ბაზარი და ასევე მიწოდება. აქამდე მიწოდება კონკურენტული ბაზარი არ ყოფილა. თბილისის მომხმარებელს მხოლოდ “თელასი“ აწვდის ელექტროენერგიას ისევე, როგორც "ენერგო-პრო“ დანარჩენ საქართველოს.
აუცილებლად უნდა მოხდეს მიწოდების და ქსელური საქმიანობის გამიჯვნა და "თელასმა“ და დანარჩენმა სხვა გამანაწილებელმა კომპანიებმაც მიმწოდებლები თავიანთ ქსელში უნდა დაუშვან. შესაბამისად, მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობა ექნება, რომ ის მომწოდებელი აირჩიოს, რომელიც მას უკეთეს პირობებს შესთავაზებს. შესაბამისად, საცალო ბაზარზე უკვე კონკურენცია შემოდის და ვახსენეთ ბაზრის მონიტორინგი, ზუსტად ეს იქნება მონიტორინგს დაქვემდებარებული სეგმენტი, იმიტომ რომ ქსელზე დაშვება ერთ-ერთი პრობლემატური თემაა. კომისიამ ქსელზე დაშვების და მომხმარებლის არჩევის წესები უნდა შეიმუშაოს, ანუ სამუშაო საკმაოდ ბევრია.