Home
Category
TV Live Menu

ISET მიწის რეგისტრაციის პროგრამას აკრიტიკებს - "კარგ შემთხვევაში მიწის 50% დარეგისტრირდება, პრობლემა კი ცალსახად დარჩება"

57dc16cccca53
BM.GE
16.09.16 19:53
1046
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო მონაცემებით, 55 782 განაცხადი მიიღო, საიდანაც 15 600 მოთხოვნა მიწის რეგისტრაციაზე წარმატებით დასრულდა.

სახელმწიფო პროექტი ორი ტიპის რეგისტრაციას მოიცავს: პირველი არის სპორადული ხასიათის, რომელიც მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება და მეორე - სისტემური რეგისტრაცია. ეს უკანასკნელი 12 სოფელში ხორციელდება, რაზეც მსოფლიო ბანკის თანხა - 2.4 აშშ დოლარი დაიხარჯება.

მიწის რეგისტრაცია უფასოა. როგორც საჯარო საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ბოხაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, პროექტის წინასწარი ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის.

„წინასწარ გათვლა არ მომხდარა. არსებული რესურსები მთლინად არის მობილიზებული და დახარჯული თანხის გამოთვლა ყოველი კვარტალის, ან წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებული იქნება. ბუნებრივია, შემდგომში ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ეს არის რეგისტრაციის ის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს მიწის ნაკვეთების სწრაფ და სწორ რეგისტრაციას“, – განაცხადა ბოხაშვილმა.

გაგრძელდება თუ არა 2018 წლის 1 ივლისის შემდეგ მიწის რეგისტრაცია ამ ფორმით, როგორც ბოხაშვილი განმარტავს, ეს დამოკიდებულია პროექტის წარმატებულობაზე.

„თუ არ გვექნება დაფარული ქვეყნის დიდი ნაწილი და ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, ეს პროგრამა ისევ გაგრძელდება და ბუნებრივია, საჯარო რეესტრი აქტიურად იქნება ჩართული, თუმცა ამის თქმა შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, არ იქნება შესაძლებელი. დღეს რა სურათიც არის შექმნილი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ახალმა რეგულაციამ გაამართლა“, – აღნიშნა მან.

ISET-ის უფროსი მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას მიწის სისტემური რეგისტრაცია დაეწყო, რაც არასამთავრობო სექტორის რჩევა იყო.

„ჩვენს მიერ შეთავაზებული იყო სისტემური მიდგომა, შემდეგ კანონპროექტის შეცვლა მოხდა და იქამდე მივედით, რომ სპორადულ პროგრამას ვახორციელებთ და სისტემური მხოლოდ 12 სოფელშია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
მისივე გათვლებით, ორი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, პრობლემა ისევ დარჩება.

„კარგ შემთხვევაში მიწის 50% იქნება დარეგისტრირებული. პრობლემა ცალსახად დარჩება. რამდენიმე წლის წინ გაკეთდა კვლევა, რომლის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციისთვის დაახლოებით, 35 მილიონი ლარი იყო საჭირო. ამის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ გვეცოდინებოდა, რა ეკუთვნის კერძო სექტორს და რა – სახლმწიფოს. ასევე, შეთავაზება იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომ მიწის რეგისტრაციის პროექტი მიბმული ყოფილიყო აგროპროექტებთან - მაგალითად, აგრობარათების პროგრამასთან, რომელიც მიწის ყველა მესაკუთრეს გადაეცა“, – აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის ეს პროცესი არ ისახავს მიზნად მიწის კატეგორიების დადგენას - სახნავია, სათესი თუ საძოვარი კონკრეტული ნაკვეთი.

მიმდინარე რეფორმა მოქალაქეების სარეგისტრაციო განცხადებების მიღებას 2018 წლის 1 ივლისამდე ითვალისწინებს. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: [email protected].

Subscribe to our news

Get the main news of the day