Home
Category
TV Live Menu

ISET: წელს მსოფლიოში ხორბლის ფასი 24%-ით შემცირდა, საქართველოში ფქვილის ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა

580dfd04ee680
ნინო კვინტრაძე
24.10.16 16:11
1107
სექტემბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.43 ლარი ჯდებოდა, რაც აგვისტოსთან შედარებით, 8,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხაჭაპურის ინდექსს ISET იმ ინგრედიენტების ფასების მიხედვით ითვლის, რაც იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად არის საჭირო. ფასის მატებას ISET სეზონურობიდან გამომდინარე ყველის გაზრდილ ღირებულებას უკავშირებს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდექსი 0.8%-ით შემცირდა. წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კვერცხის ფასი (-7%) შემცირდა. ასევე 3%-ით იკლო ყველის ფასმაც. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს წლიურად 1%-ით გაიზარდა ფასი რძეზე, 2%-ით ფქვილზე, 9%-ით საფუარზე, ხოლო კარაქზე კი 17%-ით.

ISET-ში განმარტავენ რომ ფასები უმეტესად იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ იმპორტირებულია, თუმცა ფასის ზრდას ეკონომისტები ამ შემთხვევაში ლარის კურსს არ უკავშირებენ.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, ISET აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს როგორც ამერიკაში, ასევე ევროკავშირსა და რუსეთში ხორბლის წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც მსოფლიოში ფასის მკვეთრი შემცირება გამოიწვია (-24%), საქართველოში კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფქვილის ფასი 2%-ით გაიზარდა.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ გლობალურ ბაზარზე ფქვილის ფასის ცვლილების ასახვას საქართველოში დაახლოებით 7 თვე სჭირდება. გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე ფასზე ისეთი ინდიკატორები მოქმედებენ როგორიცაა ტრანსპორტირების საფასური, ბაზრის სტრუქტურა, მარაგების შესაძლო რაოდენობა.

გასულ თვესთან შედარებით საქართველოში ფქვილის ფასი სექტემბერში 4%-ით შემცირდა.





Subscribe to our news

Get the main news of the day