Home
Category
TV Live Menu

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

5752d3a11e299
BM.GE
04.06.16 17:09
1024
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება. 
 
"რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახლდით ბორდოში, სადაც გაიხსნა ღვინის ცივილიზაციის მუზეუმი. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვიდა ასევე ბორდოს მერი ალან ჟუპე და მანაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ ეს არის უკვე საყოველთაოდ ცნობილი აღიარებული ფაქტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და როდესაც ვუყურებთ ამ ოთხდონიან საწნახელს, მართლაც, გული სიამაყით გვევსება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და თანამშრომლობისთვის "თი ბი სი" ჯგუფს - მამუკა ხაზარაძეს, "ქართულ სახლს" - გია აბულაძეს და "ჯეოგრაფიკს" მადლობა გადაუხადა.

"ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მაგალითი და ჩვენ არაერთ ასეთ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ბევრი პროექტი ყალიბდება დღეს - რაჭის განვითარების პროექტი, რომელიც შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ეხება, გვინდა მთა-თუშეთის აღორძინების ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სტრატეგიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და შენახვის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად, მიზანდასახულად განვახორციელებთ და, რა თქმა უნდა, ამაში კერძო სექტორის თანადგომის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს იქნება უნიკალური სოფელი, რომელიც აღდგება და მძივივით აიკინძება ვარძიის კომპლექსის გარშემო , როგორც ხიზავაბრას ვენახები, არაერთი ციხესიმაგრე, ჭაჭკარი, სარო და ა.შ. თითოეული ეს მძივი იქნება მარგალიტივით იქნება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძალიან მდიდარ ჯაჭვში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, "თიბისი ფონდისა" და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

Subscribe to our news

Get the main news of the day