"სამწუხაროდ, ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები არ უბიძგებს. აქ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაც და რეპუტაციაც ძალიან დიდ როლს თამაშობს",- ამის შესახებ "საქმის კურსს" იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ ქართული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, მნიშნელოვანია ინვესტორს ინდიკატორებისა და სლოგანების მიღმა დავანახოთ რეალური შესაძლებლობები.
"იმედი მაქვს, ხელისუფლების წევრები ჩემ სიტყვებს არა როგორც კრიტიკას, არამედ როგორც რეკომენდაციას ისე მიიღებენ. ნათელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრ მინუსს და პრობლემას აცნობიერებენ და მუშაობენ მათი აღმოფხვრისთვის, ასევე, ვიცით, რომ არაერთი ინდიკატორის მიხედვით დაწინაურდა საქართველო ბოლო პერიოდში მსოფლიო ასპარეზზე და ეს ძალიან კარგი დასაწყისია, თუმცა, ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად მხოლოდ საერთასორისო რეიტინგები არ უბიძგებს, სამწუხაროდ. აქ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაც და რეპუტაციაც ძალიან დიდ როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ინვესტორს ინდიკატორებისა და სლოგანების მიღმა დავანახოთ რეალური შესაძლებლობები. აი, მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგში, თავისთავად კარგია ინვესტორს გავაცნოთ ქართული მიწის უპირატესობები და რეგულაციები, რომლებიც ამ სფეროში არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ვთავაზობდეთ ასეთ ინვესტორს მოქნილ საოპერაციო მექანიზმებსა და კანონმდებლობას, რასაკვირველია თუ ქვეყნის პრიორიტეტთა ჩამონათვალში ინვესტიციების მოზიდვაც შედის. ვერ მიჰყიდი მიწას? - კი ბატონო, მაშინ გრძელვადიანი იჯარა უნდა შესთავაზო, ოღონდ საინტერესო პირობებით",- აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, სასამართლოს ეფექტიანობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს, ხელისუფლებისთვისაც ცნობილია.
"ორ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, აქედან ერთერთი და ძალიან დელიკატური საკითხია სასამართლოს ეფექტიანობა და ეს თქვენმა ხელისუფლების წევრებმაც კარგად იციან. ამ ინსტიტუტის საიმედოობაა და გამჭვირვალობა ერთერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ინვესტორისთვის განახორციელოს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, თუ არა. სამოქალაქო დავების სასამართლო განხილვის გაჭიანურება იტალიისთვისაც არ არის უცხო, თუმცა, ამისათვის ჩვენ ცალკე სპეციალიზირებული სასამართლოები შევქმენით ბიზნეს დავების მიმართულებით",- აცხადებს ბარტოლი.