ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომ-ექსპორტს" შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ საზოგადოების ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, "გაზპრომ-ექსპორტთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ისაუბრეს, თუ არა, რაზეც სერგეენკომ აღნიშნა, ეს თემა დღეს მთავრობის სხდომაზე არ განუხილავთ.
"ჩემი პოზიცია არის ის, რაც განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა, რომ აუცილებლად გასაჯაროვდება ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, რადგანაც ეს კომერციული ხელშეკრულებაა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას საშუალება ექნება, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განაცხადა სერგეენკომ.
თავად ენერგეტიკის მინისტრს მედიის წარმომადგენლების დაინტერესების მიუხედავად, ამ საკითხზე არ უსაუბრია. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძე ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, ისევე როგორც - მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა წევრები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 იანვარს, მინსკში, ენერგეტიკის მინისტრსა და "გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმებული ახალი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურების სანაცვლოდ, წელს ნაწილობრივ გაზს, ნაწილობრივ - ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2018 წლიდან კი მხარეები ე.წ მონეტიზაციის ფორმატზე შეთანხმდნენ.