პენსიონერები ყოველთვიურად პირველადი მოხმარების მედიკამენტებში სიმბოლურად 1 ლარს დახარჯავენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.
„ეს ყველაფერი გავრცელდება მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ასეთი არის 700 ათასამდე მოქალაქე. ასევე მარტოხელა პენსიონერებზე და არ ყველა პენსიონერზე. როცა ჩვენ ბაზები ვნახეთ, 40 ათასზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა 3 ათასზე მეტ პენსიონერს, რა თქმა უნდა მათ ჩვენ არ და ვერ დავეხმარებით მედიკამენტების მიწოდებაში.
დღეს თუ საშუალოდ ასაკით პენსიონერს ეხარჯება 25-დან 30 ლარამდე, მათ ეს ყველაფერი სიმბოლური თანხა დაუჯდებათ, მაქსიმუმ 1 ერთი ლარი“,- აცხადებს სერგეენკო და აღნიშნავს, რომ დაფინანსდება პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
იქნება თუ არა პირველადი მედიკამენტების დაფინასნებისთვის ზედა ზღვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ალბათ ზედა ზღვარი არ იქნება.
„მედიკამენტების ნაწილზე წვდომა ექნება მიზნობრივ ჯგუფში შემავალ პირებს. საუბარია მათზე, ვისაც სჭირდება ეს რეალურად. ისინი მედიკამენტებს მიიღებენ, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით თუ როგორ იქნება ეს ორგანიზებული, ეს ტექნიკური საკითხია და მუშავდება“,- აცხადებს ზაზა სოფრომაძე.