Home
Category
TV Live Menu

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის საკითხზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

5a60ae7fb4696
BM.GE
18.01.18 18:24
642
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტად იყო გავრცელებული არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი.
პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე, არასწორია. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

მეორე, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება და არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს და არამხოლოდ რეგისტრირებული, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი.

მესამე ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას. არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ამასაც განვმარტავ: ჩვეულებრივ ვაქცინის, ან რაიმე სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე. ერთი არის თავად რეგისტრაცია, ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია. ეს არის ხარისხობრივად უფრო მაღალი თამასა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე იყოს მსოფლიო ჯანმადცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ყოველთვის ეს არ ხერხდება. მაგრამ თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს. თუმცა, შარშან 11 თებერვალს როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება, ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ეს დაიჭერდა დაახლოებით თვე-ნახევარს და ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს. მეორე, გაგვეგრძელებინა ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე და 20 მარტიდან ახალი ვაქცინით ვაგრძელებდით მუშაობას. თუმცა, არცერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია.
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით, სწორედ ამ ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებით, როდესაც წელიწადში დაახლოებით 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია აუდიტის სამსახურთან. მე დღესაც მქონდა შეხვედრა მათს ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს მოხსნილია დღის წესრიგიდან. ჩვენ მათ ძალიან მკაფიო განმარტება მივეცით. დღესაც დამიდასტურეს, რომ ეს საკითხი აღარ არის დღის წესრიგში. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ ბევრი სხვა პარამეტრის, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც. ხაზგასმულად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ასეთ თემებზე არის საუბარი, გზავნილები უნდა იყოს ძალიან მოზომილი.

მე არ ვაპირებ, რომ მენტორულად აგიხსნათ, როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2004-2005 წლებში, როდესაც იყო საქართველოში წითელას აფეთქება და ეს იყო არაიმუნიზირებული ფენა, ვისაც 90-იან წლებშ უნდა გაეკეთებინა ვაქცინაცია. მხოლოდ ერთი სიუჟეტი, რომელიც გავიდა მაშინ მედიაში, რომელიც ემსახურებოდა დისკრედიტაციას იმუნიზაციის, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი და 2013-2014 წლებში მივიღეთ წითელას აფეთქება, როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვნდა და მათგან 4 გარდაიცვალა.

იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ეს არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ეს არის უსაფრთხო და ეფექტური. ხოლო ის ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“,- განაცხადა სერგეენკომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day