ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს "რუსთავის აზოტში" დასაქმებულების განცხადებას, რომ თითქოს სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიდევ 400 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას.
"ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცხადება, თითქოს სამინისტრომ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ კომპანიიდან იგეგმება კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება, სიმართელს არ შეესაბამება. მხარეებს შორის დავის დაწყებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო, მედიაციის კუთხით აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას მხარეებს შორის, პოზიციების დასაახლოვებლად და შეთანხმების მისაღწევად. კომპანის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები. სს "რუსთავის აზოტის" ხელმძღვანელობა გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი საწარმოო დაწესებულება, სადაც 2 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე ადგილობრივ ბაზარს, რადგან წარმოების დროულად არ ამოქმედების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ მიეწოდება მოსახლეობას", - ნათქვამია განცხადებაში.