ბუნებრივი აირის იმპორტიორმა კომპანია "ჯეოტრანსგაზმა" გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის დამფუძნებელმა ზურა ბარნაბიშვილმა განუცხადა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტი გაზპრომ-ექსპორტიდან მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობის 20%-ზე გაუფორმა.
"ზეპირი დაპირება მივიღეთ, რომ იმ ბუნებრივი აირის დანარჩენი 80%, რომელიც ჩვენს მიერ არის შეძენილი, მაისში შემოვა, რასაც 5-დან 6 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზიც დაემატება, რაც ჩვენი კონტრაქტორების მომარაგებისთვის არის საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ ის პირობას, რაც ზეპირად მოგვცეს, დაიცავენ და მიმდინარე თვეს პრობლემებს აღარ შეგვიქმნიან", - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანიამ გაზპრომ-ექსპორტიდან მისაღები ბუნებრივი აირის მხოლოდ 20% გაანაწილა საკუთარ მომხმარებლებზე, რის გამოც კონტრაქტორებმა დეფიციტის შესავსებად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი შეიძინეს, რაც ზურა ბარნაბიშვილის განცხადებით, რუსულ გაზზე დაახლოებით 10%-ით ძვირია.
შეგახსენებთ, რომ პრობლემები ჯეოტრანსგაზისთვის გასულ თვეში დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებულმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები დაიწყო, ხელისუფლებამ კომპანიას სთხოვა, რომ ამ პროცესის დასრულებამდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეძენა შეეწყვიტა, რასაც "ჯეოტრანსგაზი დათანხმდა" და სამი თვე სოკარის გაზს ყიდულობდა. გაზპრომთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი, აპრილში კომპანიამ კვლავ შეიძინა რუსული გაზი, რასაც გაზპრომ-ექსპორტის მიერ დამოწმებული დოკუმენტაციაც ახლდა თან, თუმცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზპრომ-ექსპორტთან ბუნებრივი აირის მოცულობების დაზუსტების მიზეზით მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა გააჭიანურა.