საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის შეფასებით, ჯერჯერობით, ერთობლივი მოთხოვნა სუტია და ეს ძირითადად, საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული.
გამომდინარე იქიდან, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ 4%-ზე მაღალი იქნება, „ბიზნესკონტრაქტმა“ მთავარ ბანკირს ჰკითხა - "როგორი იქნება ინფლაციაში სახელმწიფო და კერძო მოხმარების წვლილი".
„თუ ერთობლივ მოთხოვნაზე ვისაუბრებთ, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. ეს ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული, რაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც საქართველოს ეკონომიკა პოტენციურ დონეზე ქვემოთ არის. 2017 წლის განმავლობაში ინფლაციაზე მოქმედი ძრითადი ფაქტორები იქნება ერთჯერადი - აქციზი და სავალუტო რყევები. თუ რამდენად შეიცვლება მოთხოვნის ფაქტორები, ამას საგარეო ფაქტორები განაპირობებს, რასაც უნდა დავაკვირდეთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე - "გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის ისედაც დაბალ ტემპს კიდევ უფრო მეტად ხომ არ შეანელებს“, - მთავარი ბანკირი ფიქრობს, რომ ამას დიდი გავლენა არ ექნება.
"ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ეს არის ინფლაცია, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ინფლაციაზე ზემოქმედების მექანიზმები, მასზე მოქმედი ფაქტორები შეიძლება იყოს გარეგანი, ერთჯერადი ფაქტორები, ამიტომ გადამეტებულმა რეაქციამ შეიძლება მომავალში უფრო ცუდი შედეგი გამოიწვიოს.
სწორედ აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში მხოლოდ ზომიერად იქნება გამკაცრებული. ამავე დროს ვაკვირდებით მოვლენების განვითარებებს, ვაგროვებთ ინფორმაციებს და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, საშუალო ვადიან პერიოდში შენარჩუნებული იყოს დაბალი ინფლაცია, რასაც ეროვნული ბანკი ახერხებს და მოახერხებს კიდევაც. მას აქვს ყველა მექანიზმი ამისთვის. საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნება განაპირობებს იმას, რომ ზრდა გვექნება უფრო კარგი და ამავე დროს, დასაქმების ზრდა და უმუშვერობის შემცირება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.