ბოლო 2 წელია მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისის გამო საქართველოს მეტალურგიის დარგშიც პრობლემებია. საქსტატის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2015 წელს ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტმა მხოლოდ 194 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31,9%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
"ჯორჯიან მანგანეზი’’, რომელიც მეტალურგიის დარგში მთავარი ექპორტიორი კომპანიაა, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დარგში არსებული სტაგნაცია და კრიზისი ყველა კომპანიას შეეხო. თუ 2013-2014 წლებში ,,ჯორჯიან მანგანეზი’’ 175-200 ათასი ტონა სილიკო მარგანეცისა და ფეროშენადნობების რეალიზაციას ახდენდა საერთაშორისო ბაზრებზე, 2016 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და კომპანია წელს მხოლოდ 150-155 ათასი ტონის რეალიზაციას გეგმავს.
როგორც "ჯორჯიან მანგანეზის’’ ფინანსური დირექტორი ,,ბიზნესკონტაქტთან’’ განმარტავს, ბოლო 6 თვის განმავლობაში ბაზარი დასტაბილურდა და მიუხედავად დაბალი ფასისა, ვარდნა აღარ გრძელდება. ,,მე ვფიქრობ ეს ვითარება უნდა გამოვიყენოთ და ახალი ბაზრები და ახალი კლიენტები მოვიზიდოთ ჩვენი ექსპორტისთვის’’-აცხადებს მერაბ ლომინაძე.
მისი თქმით, წინა პერიოდში სილიკო მარგანეცის ფასი საერთაშორისო ბაზარებზე 1300-1350 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო უკანასკენლ ორი თვის პერიოდში ეს ფასი 700 დოლარის ფარგლებში დავარდა. ამასთან იყო პერიოდი, როცა ევროპოს ბაზრებზე ფეროშენადნობები 600-650 დოლარიც ღირდა.
"ნედლეულზე ფასები ასე დრამატულად არ დაცემულა. შესაბამისად, საწარმოები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას თვითღირებულებაზე აესახათ იმ ფასის დინამიკა, რაც იყო მსოფლიო ბაზარზე. მოვახერხეთ ოპტიმიზაცია ჩვენი თვითღირებულების. ამან საშუალება მოგვცა წამოგვეწია ახალი ბაზრები და ახალი კლიენტურა. მაგალითად, თუ ორი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო ესპანეთი და საბერძნეთი, ეს ბაზრები ისევ ავითვისეთ’’-ამბობს მერაბ ლომინაძე.
მისი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" თავის პროდუქციას ძირითადად აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში ყიდის. ასევე საუბარია კომპანიამ ახალი ბაზრები მოიზიდოს აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა ეს დამოკიდებულია პროდუქციის თვითღირებულებაზე და იმ ფასზე, რაც ამ ბაზრებზე იქნება.
"ჯორჯიან მანგანეზი’’ შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზეც მიუთითებს. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი განმარტავს, უნდა მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა. იქნება ეს გატარების, დისპეჩერიზაციის თუ სარეზერვო სიმძლავრეების ტარიფების, რომელიც საქართველოში ევროპასთან შედარებით ყველაზე მაღალია.
"დღეის დგომარეობას თუ შევადარებთ უკანასკნელი 4-5 თვის პერიოდის დინამიკას, დაახლოებით 60-65 ლარიდან მეგავატზე ეს ფასი გაიზარდა 130-135 ლარამდე. ეს დრამატული ცვლილებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს თვითღირებულებაში ელექტროენერგია დაახლოებით 25% შეადგენს, ეს მძიმე ტვირთად დააწვა ყველა კომპანიას დარგში’’-აცხადებს ლომინაძე.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე "ჯორჯიან მანგანეზს’’ საქართველოში დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდე აქვს ინვესტირებული, რაც კომპანიის გათვლებით უკუგებას საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მისცემთ. ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზი’’ კერძო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, რომლის საწარმოებში 6500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კომპანიას ბიუჯეტში ყველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ლარი შეაქვს. ამასთან "ჯორჯიან მანგანეზის’’ წარმოებულ პროდუქციას მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და მთლიანი გადაზიდვების 20%-იც მათზე და მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.