Home
Category
TV Live Menu

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ქსელის შესამჩნევად გამართვას მოსახლეობას 2017 წლის მეორე კვარტალში ჰპირდება

58628468383be
დავით ჯალაღონია
27.12.16 19:08
1117
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ქსელის შესამჩნევად გამართვას მოსახლეობას 2017 წლის მეორე კვარტალში ჰპირდება.

როგორც კომპანიის მთავარმა იურისტმა ჯაბა მამულაშვილმა ჟურნალისტებს სემეკის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მოსახლეობისთვის წყლის უწყვეტი მიწოდება ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, რომლის ნაწილიც წყალმომარაგების ახალ ტარიფში გათვალისწინებულია.

რაც შეეხება წყლის ტარიფზე ლარის დევალვაციის გავლენას, იურისტის განმარტებით, კომპანიის მენეჯმენტმა დოლარში დაფიქსირებული ვალდებულებები ლარში გადაიყვანა, რამაც ეს უარყოფითი ფაქტორი წარმატებით დააბალანსა.

მიუხედავად ამისა, იურისტმა აღნიშნა, რომ იგი ტარიფის კიდევ უფრო მატებას ელოდა.

"ჩემი პირადი მოლოდინი შეიძლება, ცოტა უფრო დიდი იყო, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, GWP, "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" დაგეგმილი საინვესტიციო გეგმების შესრულებას განაგრძობს, რაც გაორმაგებულ საინვესტიციო მაჩვენებლებში, დაახლოებით 500-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში და საგრძნობლად გაუმჯობესებულ მომსახურების ხარისხში გამოიხატება", - განაცხადა მამულაშვილმა და დასძინა, რომ ამ მხრივ საგრძნობი შედეგი მეორე კვარტლის ბოლოს იქნება.

"რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დამატებით დიდი ინვესტიციების მოზიდვას ვაპირებთ. იცით, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს IPO-ს გაკეთება, ანუ აქციების პირველადი განთავსება, რაც ძალიან დიდ კაპიტალს მოუყრის თავს და ეს მიმართული იქნება წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისკენ", - განმარტა იურისტმა.

მისი ინფორმაციით, ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების პროცესი სავარაუდოდ, დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება.

შეგახსენებთ, სემეკმა 2017 წლისთვის თბილისის, რუსთავისა და წყლის ტარიფები დაადგინა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის გადასახადი უცვლელი დარჩა, კომერციული სექტორისთვის კი დაახლოებით 2 თეთრით გაიზარდა. რუსთავის წყლის გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი ასევე არ შეცვლილა, მათთვის კი ვისაც მრიცხველი არ აქვს, ერთ სულზე მოხმარებული წყლის ტარიფი 13 თეთრით გაიზარდა, კომერციული აბონენტებისთვის კი, ერთი კუბური მეტრის ფასი - დაახლოებით 50 თეთრით. მცხეთის მოსახლეობას რაც შეეხება, გამრიცხველიანებულ სექტორს ცვლილებები არ შეეხო, მათ ვისაც მრიცხველი არ აქვს, ტარიფი დაახლოებით 1 თეთრით გაიზარდა, კომერციული სექტორისთვის კი პირიქით, ერთი ლარი და 20 თეთრის ფარგლებში შემცირდა. სემეკში სხდომის დასრულების შემდეგ შეფასებები გაკეთდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day